10-12-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მომზადებული თემატური მოკვლევის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.
ღონისძიებაზე ინერტული ნარჩენების მართვის მიმართულებით საქართველოში არსებული ძირითადი გამოწვევები, ასევე, ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს და რეგულირების მიზნით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების შესახებ დისკუსია გამართეს.
„ინერტული ნარჩენების მართვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ამ ტიპის ნარჩენები დიდი რაოდენობით გროვდება და, ხშირ შემთხვევაში, მათი განთავსება მუნიციპალურ ან სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელებზე ხდება; მათი არევა სხვა ტიპის ნარჩენებთან კი, გარემოსთვის ცუდი შედეგის მომტანია. სამინისტრო ამ მიმართულებით დიდი ხანია მუშაობს. ინერტული ნარჩენების მართვის საკითხი უკვე ავსახეთ ნარჩენების მართვის ეროვნულ გეგმაში. გარდა ამისა, ეს საკითხი 2020-30 წლების სტრატეგიაში გამოვყავით როგორც მიზანი და ცალკე მოვახდინეთ ფოკუსირება, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ინერტული ნარჩენების აღრიცხვა და მართვა. ძალიან კარგია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თემატური მოკვლევა მოამზადა.
პროცესში სამინისტრო აქტიურად არის ჩართული და მომავალშიც ამ საკითხზე ვითანამშრომლებთ, რათა მივიღოთ პოზიტიური შედეგი. მნიშვნელოვანია, რომ ინერტული ნარჩენი ხასიათდება ცირკულარობის ყველაზე მაღალი სტანდარტით, ამიტომ კარგი იქნება, თუ მოხდება მათი გადამუშავება და იმ სექტორის წახალისება, ვინც ინერტულ ნარჩენებს გადაამუშავებს. ეს არის ინტერსექტორალური საკითხი და არა რომელიმე დარგის პრეროგატივა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
„ჯერ კიდევ 2015 წელს, როდესაც მივიღეთ ნარჩენების მართვის კოდექსი, გვქონდა ხედვა, რომ, სამომავლოდ, გარემოსთვის და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა ინერტული ნარჩენების მართვას. ინერტული ნარჩენები დღეს მსოფლიოში უკვე მოიაზრება როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც შეიძლება გადამუშავდეს და ჩართულ იქნეს ეკონომიკურ ბრუნვაში. სწორედ ამ მიზნით, ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თემატურიმოკვლევის „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა საქართველოში“ ანგარიში საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას შორის მჭიდრო კოორდინაციით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით შემუშავდა.
16-11-2024
16-11-2024