14-12-2022
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) ევროპის უსაფრთხოებისა და
თავდაცვის კოლეჯის (ESDC) სამეთვალყურეო საბჭომ ასოცირებული პარტნიორის სტატუსი
მიანიჭა. ამ გადაწყვეტილებით DIBS ევროკავშირთან აფილირებული პირველი სასწავლო
ინსტიტუტი გახდა საქართველოში.
სტატუსის მინიჭებას წინ უძღოდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის
დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბელგიის სამეფოს ქ. ბრიუსელში. ვიზიტის ფარგლებში
სკოლის დირექტორი და მოადგილე ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის
(European Security and Defence College (ESDC) აკადემიური საბჭოს სხდომას დაესწრნენ.
შეხვედრაზე ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები, ასევე
საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ევროკავშირის და მასთან
დაკავშირებული სასწავლო დაწესებულებების როლი და მნიშვნელობა განიხილეს. საბჭოს
სხდომაზე სკოლის დირექტორმა DIBS-ის საქმიანობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სკოლის
შესაძლებლობებსა და სურვილს, სასწავლო აქტივობებით მხარი დაუჭიროს ევროპული
უსაფრთხოების განმტკიცებას. DIBS ასოცირებულ წევრობას აკადემიურმა საბჭომ ერთხმად
დაუჭირა მხარი. ასოცირებული პარტნიორის სტატუსით თავდაცვის ინსტიტუციური
აღმშენებლობის სკოლა ევროკავშირის სასწავლო ამოცანებს დაუჭერს მხარს, ასევე, დაიგეგმება
ერთობლივი სასწავლო აქტივობები.
მიმდინარე წლის ივნისში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. სკოლამ ნატოს 6-წლიანი, უპირობო ინსტიტუციური
აკრედიტაცია მიიღო და საქართველო გახდა რეგიონში პირველი პარტნიორი ქვეყანა ნატოს მიერ
აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებით.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, როგორც ნატოს მიერ აკრედიტებული და
ევროკავშირთან აფილირებული სასწავლო დაწესებულება, 2023 წლიდან ხელს შეუწყობს NATO-
EU პოლიტიკის განხორციელებას საქართველოში, რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით.
16-11-2024
16-11-2024