გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: შეიძლება, საქმე გვქონდეს კორუფციასთან იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ასე დაჟინებით, მტკიცებულებების გარეშე ლობირებენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ამას აკავშირებენ ბიძინა ივანიშვილთან, მის შესაძლო დასანქცირებასთან

15-12-2022

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროპარლამენტის ანგარიში გააუფასურდა ლობისტების მიერ ჩამატებული ჩანაწერების გამო, რადგან, აქედან გამომდინარე, ანგარიშს მხარი არ დაუჭირა თავად დოკუმენტის ავტორმა.


მდინარაძის თქმით, საქართველოს ფსევდომოყვარული ადამიანები, რომლებიც თითქოს საქართველოს საქმეს აკეთებენ, სინამდვილეში, საბოტაჟს უწყობენ ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში. მამუკა მდინარაძის განმარტებით, ანგარიშში ჩასწორების დაჟინებული მოთხოვნით, შესაძლოა, საქმე გვქონდეს კლასიკური თუ პოლიტიკური გაგებით კორუფციასთან, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ლობირებენ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს.


ამავდროულად, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ ლობისტებმა ვერ გაბედეს სანქციებთან დაკავშირებით შესწორების დათქმის გარეშე შეტანა.


„ამ დოკუმენტს აქვს ორი მიმართულება. ერთი, წარმოიდგინეთ, მე, როგორც კანონმდებელს, რომ გამომქონდეს რომელიმე კანონპროექტი ან რეზოლუცია და შემდეგ ისეთი ჩასწორებები უზრუნველყონ ლობისტებმა, რომ მე თავად არ დავუჭირო მხარი, რამდენად გაუფასურდა მთლიანად რეზოლუცია. რეზოლუციის გაუფასურება ლობისტების მიერ ჩამატებული, უკაცრავად, ჩაკვეხებული ჩანაწერის გამო, არის მავნებლობა საქართველოს მიმართ. საქართველოს ფსევდომოყვარული ადამიანები, რომლებიც თითქოს საქართველოს საქმეს აკეთებენ, სინამდვილეში კი, საბოტაჟს უწყობენ ევროინტეგრაციის პროცესში ამ ქვეყანას, როდესაც კანდიდატის სტატუსზე მიდის საუბარი. ვფიქრობ, გონივრული და საფუძვლიანი ეჭვი შეიძლება იყოს ბოლო სკანდალი, შეიძლება, ამის საფუძველი იყოს კორუფცია და სხვა. ასეთ მავნებლობას სხვა ახსნა უკვე აღარ აქვს, წარმოუდგენელია. ერთადერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება იყოს კორუფცია, მათ შორის პოლიტიკური კორუფცია, აქ ფინანსებზე არ არის მხოლოდ საუბარი. სხვა ახსნა არ აქვს იმას, რომ თავად მომხსენებელმა, სვენ მიქსერმა მხარი არ დაუჭირა, იმდენად შეურაცხმყოფელი და მიუღებელი იყო მისთვის ჩასწორება, რომელიც ლობისტებმა უზრუნველყვეს.


მეორე მიმართულება – თავად იმ ადამიანებმა, რომლებიც გვევლინებიან „ნაცმოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის ლობისტებად და დავალების მიმცემებად, ვერ გაბედეს დათქმის გარეშე ამ შესწორების შეტანა. გახსოვთ ალბათ დათქმა – იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან კავშირი დადასტურდება, მოკლედ რომ ვთქვათ საერთო აზრი. თავადაც კარგად იციან, რომ ვერასდროს დადასტურდება ასეთი კავშირი. ის კი არა, იმ ადამიანის პოლიტიკასთან კავშირი ვერ დასტურდება, რადგან წარმოუდგენელია იმის დამამტკიცებელი დოკუმენტების ან საბუთების მოძიება, რაც ბუნებაში არ არსებობს. ანუ, დათქმა იმის შესახებ, თუ რომელიმე ადამიანს დაუდასტურდება რუსეთთან კავშირი, ამ შემთხვევაში დასანქცირდეს, არანაირ რისკს არ შეიცავს. დათქმა იყო, რადგან ვერ გაბედეს ამ დათქმის გარეშე ცვლილების და შესწორების შეტანა. ეს დათქმა შეუძლებელია, როდესმე აღსრულდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ბუნებაში არ არსებობს. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება.


ნებისმიერ პარლამენტში, როდესაც რაღაც ჯგუფს გამოაქვს საკითხი, თუ ამის უკან რაიმე საეჭვო გარემოებას დაინახავ, ეს არ ნიშნავს, რომ მხარდამჭერები ამაში არიან გარეული, ეს წარმოუდგენელია, ასეთი თეორიული დაშვებაც კი არ შეიძლება. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ეს თემის არცოდნას ნიშნავს. როდესაც არიან კონკრეტული ინიციატორები, თუ დაადანაშაულებ რამეში – არალეგიტიმურ საქმიანობაში ან ქმედებაში კონკრეტული შესწორების მიმართ, მაშინ მხოლოდ იმათზეა საუბარი, ვინც ლობირებს ამ თემას. ერთადერთი ახსნა, რაც შეიძლება, ჰქონდეს ასეთი ჩასწორების ასეთ დაჟინებულ მოთხოვნას და შეტანას – ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც ამას ადასტურებს – არის ის, რომ, კლასიკური თუ პოლიტიკური გაგებით, კორუფციასთან შეიძლება ჰქონდეს საქმე, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ასეთი დაჟინებით ლობირებენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სპეცოპერაციას.


კიდევ ერთხელ განვმარტავ, აქ შეიძლება, საქმე გვქონდეს კორუფციასთან, როგორც კლასიკური, ასევე პოლიტიკური გაგებით კორუფციასთან, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ასე დაჟინებით, ჯიუტად, მტკიცებულებების გარეშე ლობირებენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ამას აკავშირებენ ბიძინა ივანიშვილთან, მის შესაძლო დასანქცირებასთან. სახელებსა და გვარებზე მე დღეს არ ვილაპარაკებ, რადგან შეიძლება, გამომრჩეს კიდეც ვიღაც და შეიძლება, ზედმეტი წამოგვცდეს. როდესაც ადამიანმა თავადაც კარგად იცის, რომ ფეიკზე, ტყუილზე, სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს რაღაცის უზრუნველყოფას და ამით მტრობს ქართულ სახელმწიფოს, ერთადერთი ახსნა შეიძლება იყოს კორუფცია, მათ შორის პოლიტიკური“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930