16-12-2022
შემოგვაქვს მოქნილი სისტემა, რომელიც სტუდენტებს ხელს არ შეუშლის არც განათლების მიღებაში და არც სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდაში, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა სტუდენტებისთვის გათვალისწინებულ პრივილეგიებზე საუბრისას განაცხადა.
თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ახალ კოდექსსა და გათვალისწინებულ სიახლეებზე ისაუბრა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ იმ მოქნილ, გამარტივებულ სისტემაზე ისაუბრა, რასაც თავდაცვის უწყება სამხედრო სამსახურის გავლის პროცესში პოტენციურ პირებს, მათ შორის სტუდენტებს შესთავაზებს.
ახალგაზრდებს 23 წლის ასაკამდე სურვილისა და არჩევანის მიხედვით, სამხედრო წვრთნის სტუდენტობის პერიოდშივე გავლის შესაძლებლობა ექნებათ.
მინისტრის განმარტებით, სტუდენტებს სამხედრო ბაზებზე ინტენსიური მომზადება ოთხი წლის განმავლობაში წელიწადში ერთი თვე მოუწევთ, რომლის დასრულებისთანავე სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება.
„გავაფართოეთ პოტენციურ პირთა წრე, ვისაც შეიძლება შეეხოს სავალდებულო ჯარი. იქნება 3 არჩევანი - კონკრეტულ შემთხვევაში, 6-თვიანი უფრო ინტენსიური საბრძოლო მომზადების კურსი, 8-თვიანი კურსი, რომელიც უფრო დამხმარე კომპონენტი იქნება, თუმცა საწყის საბრძოლო მომზადებას ისინიც გაივლიან, ასევე იმ სტუდენტებისთვის, ვინც მოხვდება ამ სიაში, იქნება არჩევანის საშუალება. სტუდენტებისთვის ინტენსიური დღეების რაოდენობა 108 დღეს შეადგენს. ეს არის მოქნილი სისტემა, რომელიც მათ ხელს არც განათლების მიღებაში შეუშლის და არც სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
16-11-2024
16-11-2024