გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე მინისტერიალის ფარგლებში თურქ კოლეგას შეხვდა

21-12-2022

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა ჯუანშერ ბურჭულაძემ მასპინძელი ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აქართან გამართა.


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან საუბრისას, ყურადღება საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში წარმატებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გაამახვილა და თურქეთის მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება, თურქი ექსპერტების ჩართულობა და მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.


შეხვედრაზე კოლეგებმა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო სწავლებების მიმართულებით კავშირების გაღრმავებას.


საუბრის ერთ-ერთ წამყვან თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მზარდი საფრთხეები და უკრაინაში რუსეთის აგრესია წარმოადგენდა.


საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. სამმხრივ მინისტერიალს წელს თურქეთის რესპუბლიკა მასპინძლობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930