21-12-2022
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზრუნავს საკუთარ სტუდენტებზე. ამიტომაც მაღალი კვალიფიკაციის ახალგაზრდებს ამზადებს შრომის ბაზრისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ დამსაქმებლები სწორედ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებით დაინტერესდებიან. სტუდენტთა დასაქმების პოლიტიკის კუთხით უფრო მეტის გაკეთებას ვაპირებთ,“ - აღნიშნა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმზე, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.
მისივე თქმით, ფორუმი თსუ სტუდენტების კარიერულ წინსვლას უწყობს ხელს. „მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებლები და სტუდენტები ერთმანეთს ერთ სივრცეში ხვდებიან. ჩვენი სტუდენტები მათ შეთავაზებებს ეცნობიან და თავის მხრივ, საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების შესახებ ინფორმაციას აწვდიან,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიებიდან 40 პროფილური დამსაქმებელი მონაწილეობდა. წელს პირველად, ფორუმის პარალელურად, თსუ სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების მიმართულებით საინფორმაციო შეხვედრები გამართა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოში შრომის ბაზრის ტენდენციებს, გამოცდილი პირებისგან მიეღოთ რჩევები პროფორიენტაციისა და მოტივაციის მნიშვნელობის, ასევე CV-ის შედგენის შესახებ.
ნიკოლოზ ჯელაძე ერთ-ერთია თსუ სტუდენტებიდან, რომელიც დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმით დაინტერესდა. ნიკოლოზი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს და, როგორც ამბობს, ფორუმზე მისთვის საინტერესო კომპანიები არიან წარმოდგენილი. „დღეს სამუშაო ადგილის პოვნა სტუდენტებისთვის საკმაოდ რთულია, ასეთი ფორუმები კი მეტ შესაძლებლობას გვაძლევს დასაქმებისა და კარიერული განვითარების კუთხით,“ - აღნიშნა ნიკოლოზ ჯელაძემ.
დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმით დაინტერესებულია თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ ხვისტანიც:„მსგავსი ღონისძიებები სტუდენტებისთვის აუცილებელია, რათა ინფორმაცია მივიღოთ იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც ბაზარზე არსებობსდა გვაძლევს დასაქმების შესაძლებლობას.“
სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი 2014 წლიდან სისტემატიურად იმართება. ფორუმის ორგანიზატორია თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი. ცენტრის მიზანია სტუდენტთა პიროვნული, პროფესიული და კარიერული განვითარების მხარდაჭერა. ამ მიზნით, ცენტრის წარმომადგენლები მუდმივად ხვდებიან დამსაქმებლებს, კარიერის განვითარების კუთხით იმართება ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები. თსუ-ის თითოეულ სტუდენტს ან კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს ცენტრის წარმომადგენლებთან ინდივიდუალურად გაიაროს კონსულტაცია და მიიღოს ინფორმაცია პროფესიით დასაქმების, შრომის ბაზარზე არსებული ვითარების ან სხვა საჭირო სერვისის შესახებ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები დასაქმებული არიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში. თსუ ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა 60%-ზე მეტი საკუთარი პროფესიით იწყებს მუშაობას, რაც ევროპული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის იდენტურია. თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრს 300-ზე მეტ საჯარო და კერძო კომპანიასთან აქვს ურთიერთობა. ამ ურთიერთობის შედეგად, ცენტრი ყოველკვირეულად 30-ზე მეტი ვაკანსიას ან სტაჟირების პროგრამას სთავაზობს თსუ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
16-11-2024
16-11-2024