გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვეხმარებით და მაქსიმუმს ვაკეთებთ ბიზნესის განსავითარებლად - ბოლო ორ წელიწადში 125 ათასი კომპანია დარეგისტრირდა ქვეყანაში

27-12-2022

ჩვენ ვეხმარებით და მაქსიმუმს ვაკეთებთ ბიზნესის განსავითარებლად. ბოლო ორ წელიწადში 125 ათასი კომპანია დარეგისტრირდა ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც შეიქმნა, სწორედ ბიზნესის დამსახურებაა.


„რაც შეეხება ბიზნესის ხელშეწყობას, მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის ხელწერა არის მაქსიმალურად პრობიზნესური და ჩვენ ვეხმარებით და მაქსიმუმს ვაკეთებთ ბიზნესის განსავითარებლად. ბოლო ორ წელიწადში 125 ათასი კომპანია დარეგისტრირდა ქვეყანაში, 125 ათასი კომპანია შეიქმნა ბოლო ორ წელიწადში. ეს ნიშნავს, როგორ გააქტიურებულია ზოგადად კერძო სექტორი და ბიზნესი. შემთხვევითი არ არის, რომ აი ეს 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც მე აღვნიშნე, სწორედ ბიზნესის დამსახურებაა და რა თქმა უნდა, ამაში ჩვენი წვლილი არის მნიშვნელოვანი.


პროგრამებზე ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ვმუშაობთ წარმატებულად, როგორიც არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში". გაუმჯობესებული თანადაფინანსების პროგრამაში ჩართვის საშუალება აქვს 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით მოქმედ საწარმოებს. დამატებით შერჩეულია ექსპორტის დიდი პოტენციალის მქონე 60 ეკონომიკური საქმიანობა. წელს 330-მა კომპანიამ დაიწყო ან გააფართოვა საქმიანობა და ამ პროგრამის დაწყებიდან, 2014 წელს დავიწყეთ ეს პროგრამა, დაფინანსებული არის 1500-ზე მეტი პროექტი და ჯამურად 2,5 მილიარდი ლარი არის ინვესტირებული. შეიქმნა 35 ათასი ახალი სამუშაო ადგილი აი ამ პროგრამების დაფინანსებით.


რაც შეეხება მიკროგრანტების პროგრამას, დაფინანსდა 1400-ზე მეტი აპლიკანტი და ჯამშიო დაფინანსებული არის 8 200-ზე მეტი პროექტი, შეიქმნა 21 ათასი ახალი სამუშაო ადგილი.


იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამაზე მინდა რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო. კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ ეს პროგრამა ჩვენ დავიწყეთ შარშან. ამით ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ახლადშექმნილ ოჯახებს, ასევე, მათთაც, ვისაც ახალშობილი შეეძინება. ჩვენ 4 000-ზე მეტი ოჯახის მხარდაჭერა მოვახერხეთ. წელს, სულ, პროგრამის ფარგლებში, 11 000-ზე მეტმა ოჯახმა შეიძინა საცხოვრებელი სახლი, ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება და კიდევ ერთხელ მინდა, რომ მოვუწოდო ყველას, რომ ისარგებლონ ამ პროგრამით", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930