გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ხალხის ძალა": შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი ენჯეოსთვის და სხვა სუბიექტებისთვის

29-12-2022

ორიოდე კვირის წინ, საზოგადოებას ვაცნობეთ, რომ ვიწყებდით მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოში უცხოური დაფინანსებით მოქმედი ენჯეოების საქმიანობას შეეხებოდა. საზოგადოებას ისიც ვაცნობეთ, რომ შესაბამისი კანონპროექტი მომზადდებოდა საუკეთესო დასავლური პრაქტიკის გათვალისწინებით.


გვინდა მოგახსენოთ, რომ სამუშაო პროცესი უკვე სრულდება და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ იანვარში დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება. კანონპროექტში აგრეთვე აისახება რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აღნიშნულ სფეროში - ამის შესახებ მოძრაობა "ხალხის ძალის" ლიდერებმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.


"ჩვენს მიერ შემოთავაზებული კანონით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი ენჯეოსთვის და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად. შემოღებული იქნება „უცხოური გავლენის აგენტის“ ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს. ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სხვადასხვა თვალსაზრისით.


გარდა ამისა, ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა - „ხალხის ძალა“ ასრულებს მუშაობას კანონპროექტზე, რომელიც მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას ითვალისწინებს. კანონპროექტი ეფუძნება ერთ-ერთი მოწინავე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობას და ის ეფექტიანად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას.


როგორც მოგეხსენებათ, დღეს მთელი რიგი ენჯეოები და მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაში. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ მომზადებული ორივე კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა.


კანონპროექტები პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება იანვარში და ჩვენ გვექნება პრინციპული პოზიცია ორივე პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით.კანონპროექტების ინიცირებისთანავე, დაიწყება კონსულტაციები როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართულ ოცნებასთან“, ისე ყველა უცხოური გავლენისგან თავისუფალ და არარადიკალურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან.


კანონპროექტებს საზოგადოებას დეტალურად წარვუდგენთ მათი ინიცირებისთანავე. დარწმუნებული ვართ, რომ ორივე ინიციატივას ექნება ძალიან ფართო მხარდაჭერა ქართველი ხალხისგან, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოს უსაფრთხოება და სუვერენიტეტი და რომელიც დაღლილია სიცრუის გამუდმებული ტირაჟირებითა და პოლარიზაციით.


ამერიკული და ევროპული კანონმდებლობის საქართველოში გადმოტანით, შეიქმნება ახალი გარანტიები საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად" - აცხადებენ მოძრაობაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930