გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებისა და შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

29-12-2022

საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადების და შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 27 დეკემბერს, ქ.მარნეულში, ბრალდებულს ოჯახური პრობლემების გამო შეკამათება მოუხდა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მამას თავის არეში ჭრილობა მიაყენა, პაპას ზურგის არეში დანა დაარტყა და შემთხვევის ადგილი დატოვა.


დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის „კ" და „ლ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ოჯახის ორი წევრის მიმართ), 236-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, დამზადება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930