29-12-2022
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების განახლებული პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა.
სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის განახლება სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის კვლევის შედეგების საფუძველზე განხორციელდა. უკვე არსებული სახელმძღვანელო, კვლევის ეტაპზე, დადებითად შეფასდა, თუმცა გამოიკვეთა გარკვეული საჭიროებები როგორც შინაარსობრივ, ასევე საჭირო რესურსების მიმართულებით. განახლებული პროგრამით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელების/მეთოდისტების გადამზადება შემდეგი წლიდან დაიწყება.
განახლებული პროგრამის მიხედვით, ბიომრავალფეროვნების, წყლის რესურსების და ნარჩენების მართვის თემებს, კლიმატის ცვლილების საკითხები დაემატება. სახელმძღვანელო მოიცავს პრაქტიკის მაგალითებს, თუ როგორ ვიზრუნოთ გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე.
სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა მიზნად ისახავს ბაღის აღმზრდელების/მეთოდისტებისა და ადრეული ასაკის ბავშვების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით და ამ პროცესში, საზოგადოებისა და ოჯახის მნიშვნელობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებას.
სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის განახლება,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF)“ ფარგლებში განხორციელდა.
16-11-2024
16-11-2024