გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე: თუ პროკურატურას შეეშალა, არავინ იცავს და არც ხელს აფარებს

24-07-2018

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმეს არავითარი საერთო პარალელი არ აქვს არც ე.წ. ტრაქტორების და არც ე.წ. კაბელების საქმესთან როგორც ეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.


ეს განცხადება ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამისთვის, - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

"ხორავას ქუჩაზე რაც მოხდა, რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკულია. საზოგადოების რეაქცია პროკურატურის გამოძიებასთან დაკავშირებით ძალიან მძაფრი და სენსიტიური იყო. პროკურატურამაც ამ რეაქციას ადეკვატურად უპასუხა. მხედველობაში მაქვს შოთაძის გადადგომა. თუმცა ჯერ არავის დაუმტკიცებია და არც მტკიცებულებები ჩანს რომ პროკურატურამ ან გადაამეტა ძალაუფლებას, ან ვერ შეასრულა, ან პიროვნულად ჰქონდა მას რაღაც დამოკიდებულება, რასაც გამოვრიცხავ შოთაძის მხრიდან. საზოგადოების ძალიან მძაფრ ემოციურ განცდას ძალიან ადეკვატურად უპასუხა შოთაძემაც და მთელმა მთავრობამაც. გახსოვთ მიტინგები ამ თემაზე, როგორ იქცეოდა ხელისუფლება - ეს არის ის, რისთვისაც ვწვალობდით და რისთვისაც ვწვალობთ დღესაც. საგამოძიებო კომისიაც გაიხსენეთ, როდის შექმნილა საქართველოში. ოპოზიცია ხელმძღვანელობს, რისიც არ შეეშინდა გუნდს. თუ პროკურატურას შეეშალა, არავინ იცავს და ხელს არ აფარებს.


ის ფაქტი, რომ შეიქმნა საგამოძიებო კომისია, ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება თქვან, მანამდეც ვითხოვდით საგამოძიებო კომისიის შექმნასო, მაგრამ ითხოვდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებზეც არ უნდა შექმნილიყო. ხოლო როდესაც მწვავე საკითხი იყო და საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მძაფრი, გუნდი, პარლამენტი არ დაფიქრებულა, მოახერხეს და ოპოზიციას გადასცეს ეს პროცესი.


არის შეკითხვები საზოგადოების მხრიდან? აინტერესებს ჩინოვნიკი თუ პროკურორი , ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა ჯიბე, არ უნდა შეეშინდეს გახდის და დანახვების, სწორედ ეს არის დღევანდელი გუნდის პოზიცია. სხვა რესურსი გუნდს არც გააჩნია და ვერც მოვახმართ. ხელისუფლებას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებების გარდა, სხვა რესურსი არ გააჩნია. პროკურატურას ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, მოზარდებთან იყო საქმე დაკავშირებული და ორმოც დღეში გამოძიება უნდა დასრულებულიყო. ამან შესაძლოა ხარისხზე ობიექტური გავლენა მოახდინა. იყო თუ არა სუბიექტური გადაცდენები პროკურატურის, ეს თემები მიმდინარეობს, საზოგადოება მას თვალყურს ადევნებს და ჩვენ ყველანი ერთად დავინახავთ შედეგს. მაგრამ რაც მოხდა დღემდე, მიმაჩნია, ეს არის გაგრძელება იმისა, რაც ჩვენმა გუნდმა მოიტანა პოლიტიკაში, რომ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული იყოს ხელისუფლება საზოგადოების წინაშე და ამას განუხრელად უნდა ასრულებდეს"-განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930