24-01-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის, ისტორიკოსის, ფილოლოგის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ხელმძღვანელის, აკადემიკოს ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო.
მიხეილ ჩხენკელი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი მეცნიერის, ისტორიკოსის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ხელმძღვანელის, აკადემიკოს ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო.
ზაზა ალექსიძე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული მეცნიერი გახლდათ, რომლის სამეცნიერო ნაშრომები გამორჩეულია ფართო კვლევითი დიაპაზონითა და მასშტაბურობით. მისი შემოქმედება განსაკუთრებით ღირებულია ჰუმანიტარიის სფეროში მომუშავე ყველა თაობის სპეციალისტისათვის როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
ბატონი ზაზა მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საქმეს. თავისი გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობით მან უდიდესი წვლილი შეიტანა არაერთი დარგის, განსაკუთრებით კი არმენოლოგიის განვითარებაში. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროები მოიცავდა ქრისტიანული კავკასიის ისტორიის, კულტურისა და რელიგიის, ქართული და სომხური პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის საკითხებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი წვლილი ალბანური პალიმფსესტების კვლევაში, ვინაიდან კავკასიის ალბანური მეცნიერებისთვის მანამდე უცნობი სფერო გახლდათ.
ზაზა ალექსიძე მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. გამორჩეულია მისი როლი ცენტრის წინსვლისა და განვითარების საქმეში.
ზაზა ალექსიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია სამეცნიერო საზოგადოებისთვის. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ზაზას ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს.“
3-12-2024
5-12-2024