გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა ვოლფგანგ ჰერმანთან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

26-01-2023

გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტთან, მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთან, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე, რომელიც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) შედგა, მხარეებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამომავლო განვითარების პერსპექტივები და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

 

მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ოპერირება სწორედ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნილი აკადემიური პროგრამებით დაიწყო. ეს მიდგომა ნარჩუნდება და კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან აკადემიური პროგრამების შექმნაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს.

 

როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობა სან დიეგოს სახელმწიფო და ლუვენის უნივერსიტეტებთან, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შექმნისა და განხორციელების მიზნით.

 

მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს. მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ვოლფგანგ ჰერმანს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

 

ვოლფგანგ ჰერმანთან შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა ასევე განაცხადა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს კვლევების განხორციელებაში, მათ შორის, ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჰარვარდის მედიცინის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორები ჩაერთვებიან.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საამაყოა, რომ  მომავალში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ადრონული თერაპიის ცენტრი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიმსივნური დაავადებების განკურნებაში და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

 

პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანთან საუბრისას მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში დიდ როლს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო ასრულებს, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან და, ასევე, ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური პროგრამების შექმნის პოლიტიკას და სტუდენტების მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

 

თავის მხრივ, მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ჰერმანმა ყურადღება გაამახვილა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ეს პროექტი უნიკალურია. როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით საამაყოა, რომ უნივერსიტეტის დაარსების დღიდან პირადად არის ჩართული მისი განვითარების საქმეში. ვოლფგანგ ჰერმანის თქმით, ორმაგად სასიხარულოა, რომ ამ გამორჩეული უნივერსიტეტის ნაწილი გახდა გერმანიის სამეცნიერო საზოგადოება და გერმანული მხარე აქტიურად იღებს მონაწილეობას მის წინსვლაში.

 

შეხვედრის დასასრულს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილმა პრეზიდენტმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა ვოლფგანგ ჰერმანმა მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.

 

შეხვედრას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე ესწრებოდა.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს საქართველოს განათლების სისტემის მეგა-პროექტს. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930