30-01-2023
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2022 წელს, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 1427.60 კუბური მეტრი ხე-ტყის (2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 84%-ით მეტი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 306 ფაქტი გამოავლინეს, რაც 2021 წლის 12 თვის მაჩვენებელზე, თითქმის 24%-ით მეტია.
სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში.
ამასთან, 2022 წელს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობიდან გამომდინარე, 43 მეწარმის შესახებ გადააგზავნა ინფორმაცია. აღნიშნულმა პირებმა არარსებული და განაშთული ცნობის ნომრებით, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში გამოყენების გზით, 19769.09 კუბური მეტრი დამუშავებული ხე-ტყის მასალის რეალიზაცია მოახდინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაცემულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.