2-02-2023
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა.თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ განიზრახეს ნ.კ.-ს მოკვლა, რისთვისაც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და იქირავეს ავტომობილი. 2021 წლის 15 სექტემბერს, მსჯავრდებულები ვ.ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე პირად საქმეზე მისულ ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ. შემთხვევის ადგილზე ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნ.კ.-ს. სროლის დასრულების შემდეგ, ა.ჭ. და გ.კ., ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პროკურატურამ ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულებს 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, უცვლელად ძალაში დარჩა და ა.ჭ.-ს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.კ.-ს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, მკვლელობასთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით, გამოძიება გრძელდება.