2-02-2023
იუსტიციის სახლსა და საპენსიო სააგენტოს შორის მომხმარებლისათვის სააგენტოს სერვისების მიწოდების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მალე იუსტიციის სახლში საპენსიო სააგენტოს სერვისების მიღება გახდება შესაძლებელი.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე განხორციელდება ტექნიკური ხასიათის სამუშაოები, დაიწყება წინა ხაზის თანამშრომელთა გადამზადება, რის შედეგადაც საპენსიო სააგენტოს 5 სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი.
თანამშრომლობის ფარგლებში, სერვისზე ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალი მთელ საქართველოს დაფარავს და 117 ფილიალში, ასევე მობილურ იუსტიციის სახლებში იქნება წარმოდგენილი, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სასურველი მომსახურება სახლთან ახლოს მიიღოს.
თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ და საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ, განიხილეს ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც სერვისების იუსტიციის სახლში ინტეგრაციით დაიძლევა.
საპენსიო სააგენტოს სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს უკვე მიმდინარე წლის მარტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში შეეძლება.