გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება

26-07-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხე-ტყის უკანონო ჭრის პრობლემის გადასაჭრელად მთავრობა ქმედით ნაბიჯებს დგას.
მისი თქმით, ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება, რის შედეგადაც საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია.
ამის შესახებ ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა შევეხო საკითხს, რომელიც უკავშირდება ხე-ტყის უკანონო ჭრას, თქვენ იცით ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პრინციპული პოზიცია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტზე 15 პირი დააკავა. 
ჩვენ შეურიგებელნი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. იჩეხება ტყეები, რომლის აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება და გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები ამ უკანონობასთან ბრძოლაში და ასევე მინდა მოვუწოდო ყველას, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ის პირი, თუ იქნება შემთხვევები, რომ ვინმე ხელს აფარებს ამ უმსგავსო საქციელს, ყველა ეს ადამიანი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით.
ხე-ტყის უკანონო ჭრის პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს და დღეს ფინანსთა სამინისტროს მთავრობაზე გამოაქვს ამ პრობლემის ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი გადაწყვეტა. ხე-ტყის იმპორტი გათავისუფლდება დღგ-სგან, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია, ამასთან მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ. მორისა და ფიცრის ექსპორტზე. რეგულაციები არის ძალიან ჯანსაღი და მნიშვნელოვანი იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეგულაცია მომავალ წლებში საშუალებას მოგვცემს, რომ აღვადგინოთ მწვანე საფარი და დავაჩქაროთ ე.წ. რეფორესტიზაციის, ანუ ტყის აღდგენის პროცესი. ამასთან ერთად, მივესალმებით ისეთ საწარმოებს, რომელიც ქმნიან დამატებით ღირებულებას საქართველში, მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ ვინმეს უნდა ხე-ტყის ჭრა და შემდეგ მისი მორად ან ფიცრად გაყიდვა, ასეთი ამბავი ვეღარ მოხდება“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031