გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ „ნაცმოძრაობის“ განცხადებაზე: მინდა ვკითხო მათ - როდის დაიწყეთ? ცარიელი ადგილების სიცარიელეს ნამდვილად ვერ ვიგრძნობთ

7-02-2023

„ხალხის ძალის“ ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება. მან საუბარი თურქი და სირიელი ხალხის მიმართ სამძიმრით დაიწყო.


„უპირველეს ყოვლისა, მსურს მივუსამძიმრო ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს თურქეთს და ასევე სირიას შემზარავი ტრაგედიის გამო. ვუსურვებ მსოფლიოს, რომ მსგავსი ტრაგედია აღარასდროს ენახოს.


სანამ კონკრეტულ თემაზე ვისაუბრებ, მსურს გამოვეხმაურო ნაციონალური მოძრაობის განცხადებას საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე. მინდა ვკითხო მათ - როდის დაიწყეთ? ცარიელი ადგილების სიცარიელეს ნამდვილად ვერ ვიგრძნობთ.


ახლა კი ბოლო პერიოდის მთავარ თემას მსურს შევეხო, ევროკომისიის პოზიტიურ დასკვნას საქართველოს მიერ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე. კარგია, რომ მათი შეფასება დადებითია, თუმცა, გაუგებარია რამდენიმე საკითხი, მაგალითად: ვერ გავიგეთ, რანაირად შეიძლება იყოს სასამართლოს, ადამიანის უფლებების და მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხების შეფასებები ტექნიკური? თუ ამ შეფასებებს მივყვებით, გამოდის, რომ უკრაინას სოფლის მეურნეობაში უკეთესი მაჩვენებლებისთვის მისცეს სტატუსი.


ამ შეფასებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, თითქმის არაფერი შეცვლილა. საქართველოს მაშინაც ეკუთვნოდა სტატუსი და მითუმეტეს, ეკუთვნის ახლაც.


რა მოლოდინები გვაქვს და იქნება თუ არა სუბიექტური კვლავ მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიღებული გადაწყვეტილება? ეს იქნება ის კითხვა, რითაც ევროკავშირი ან დაასაბუთებს სამართლიანობისადმი პატივისცემას ან დარჩება სხვისი დაკვეთების შემსრულებელი და კიდევ ერთხელ გაინადგურებს საკუთარ იმიჯს.


უკრაინის ომმა ბევრი რამ დაგვანახა, ბევრ რამეს ახადა ფარდა და დაარქვა შესაბამისი სახელი. ყველამ დავინახეთ, რომ თუკი რუსეთი უდანაშაულო ხალხის სისხლისღვრით ვერ ძღება, დასავლეთი დემოკრატიის სახელით ცდილობს მშვიდად და აუღელვებლად გაანადგუროს სახელმწიფოები, ვინც მას არ ემორჩილება. საქართველოსთვის ორივე მტრობაა. მტრობაა ის, როდესაც სააკაშვილის პირადი მეგობრები თუ ლობისტური კომპანიებით ნაყიდი ევროპარლამენტარები ქვეყანაში მკვლელი რეჟიმის დაბრუნებას ცდილობენ. მტრობაა ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა და ზეწოლა ეგრეთწოდებული დემოკრატიით.


არ ვიცით ხვალ რა შეიცვლება, მაგრამ ევროკომისიის დასკვნამ ცხადყო ერთი რამ - საქართველო ვიღაცის ხელში სათამაშო თოჯინაა და დიდხანს რომ არ გაუგრძელდეთ ეს სახიფათო თამაში, შევახსენებთ ყველას, ვისთვისაც სამართლიანობა დრეს შენიღბული ფარია: - საქართველო მიიღებს თუ არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სტატუსს, ჩვენ არ შევწყვეტთ სვლას იმ ღირებულებებისკენ, რაც არა მხოლოდ დასავლეთის მონაპოვარია ჩვენში, არამედ ჩვენი ისტორიის ნაწილია. ქართველი ხალხი გაუძლებს ამ რყევებსაც და აუცილებლად გაიყვანს ქვეყანას მშვიდობიანი გზით განვითარებისკენ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და საგანგებო რეჟიმზე გადადის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930