9-02-2023
„ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა მოიცავს ციფრული ტექნოლოგიების ათვისებასა და მის აქტიურ გამოყენებას. სექტორის დიგიტალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც სემეკმა ევროკავშირის მხარდაჭერით შეიმუშავა, მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმების პროცესში. დარგში ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების დაბალანსებას და ენერგეტიკული სისტემების ოპტიმიზაციას და განვითარებას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ პროექტის „სემეკის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალზიაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ" ოფიციალური დახურვის ცერემონიაზე.
ღონისძიებაზე ასევე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ სემეკის (ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის) თავმჯდომარე დავით ნარმანია, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო და სხვა პასუხისმგებელი პირები.
პროექტი, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ევროკავშირმა 250,000 ევროთი დააფინანსა. ის მიზნად ისახავს მარეგულირებელი კომისიის მხარდაჭერას დიგიტალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. პროექტში განხორციელებაში მონაწილეობდა იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახური.
პროექტის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ეფექტიანი, გამჭვირვალე და კონკურეტული ბაზრისთვის არსებითია ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეებისა და მომხმარებლების აღჭურვა სათანადო ციფრული მექანიზმებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი აქტიური მონაწილეობა ბაზარზე.
16-11-2024
16-11-2024