10-02-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, მინისტრის მოადგილესთან გურამ გურამიშვილთან და სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალურ დირექტორთან დავით ფერაძესთან.
ხაზი გაესვა, რომ 2022 წელი "საქართველოს რკინიგზისთვის" საუკეთესო წელი იყო მოგების თვალსაზრისით და მოგებამ შეადგინა 283 მილიონი ლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ასევე, რეკორდული იყო გადაზიდვების მაჩვენებელი და გადაზიდვების მიმართულებით წლიურმა ზრდამ 22% შეადგინა.
იმსჯელეს რკინიგზის განვითარების სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს იყო პროგრესი მოდერნიზაციის კუთხით. ამასთან, აღინიშნა, რომ ტვირთის გამტარუნარიანობა მოდერნიზაციის შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონამდე გაიზრდება.
აღინიშნა, რომ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა სავაგონო პარკის განახლებისა და ინფრასტრუქტურული გაჯანსაღების მიმართულებით. კომპანიისთვის 100 ქართული წარმოების ვაგონი უკვე მოწოდებულია. რკინიგზის მოდერნიზაცია და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და მისი ფუნქციონირება უფრო ეფექტური გახდება.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის 87% დასრულებულია. მონაკვეთი 180 კილომეტრიანია და მიმდინარე ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს.
პროექტის პირველი ფაზის დასრულების შედეგად, რაც 2024 წლისათვის არის დაგეგმილი, მონაკვეთის გამტარუნიანობა 5 მლნ ტონა იქნება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე", რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის დაწყება და მისი პირველი ფაზის განხორციელება უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანსპორტო კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ახალი ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირების კუთხით, - განისაზღვრება სახელმწიფოს როლი სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, დარგის ზედამხედველობისა და უსაფრთხოების რეგულირების მიმართულებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებისა და რესტრუქტურიზაციის შედეგად, 150-წლიანი ისტორიის მქონე „საქართველოს რკინიგზა" გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და მნიშვნელოვნად გაიზრდება მისი კომერციული ინტერესების სრულად რეალიზების, ასევე უსაფრთხოების მართვის შესაძლებლობები.
16-11-2024
16-11-2024