გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა

10-02-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო თათბირი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან და მის მოადგილეებთან. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე, უწყების მიერ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების შესრულების მხრივ გაწეულ ძალისხმევასა და სამომავლო გეგმებზე.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ევროინტეგრაციის, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე განხორციელებულ საქმიანობასა და დაგეგმილ აქტივობებს, რაც მიზნად ისახავს საქართველოს პროგრესის და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ამბიციური რეფორმების გათვალისწინებით ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებას.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ამ მიზნით აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამასთან, მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული დაახლოების, ასევე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენების კუთხით.


ხაზი ასევე გაესვა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების აუცილებლობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სავაჭრო-სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას შეუწყობს ხელს. საგარეო უწყება კვალავაც გააგრძელებს 2022 წლის 17 დეკემბერს, ქ. ბუქარესტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის,ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობათა მეთაურების მიერ ხელმოწერილი „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე" შეთანხმების განხორციელებისთვის, პოლიტიკური ხელშეწყობისა და ფინანსური რესურსების უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საგარეო უწყების უპირველეს ამოცანად რჩება საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიზნით პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების მხარდაჭერის კონსოლიდაცია და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნება. საუბარი ასევე შეეხო 2023 წელს დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებს როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, ევროპის ქვეყნებთან არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატების განმტკიცებას. კავშირების გაღრმავებას ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ხაზი გაესვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას და ამ კუთხით დაგეგმილ ქმედებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალის მაქსიმალური წარმოჩენის მნიშვნელობას, რათა სამხრეთ კავკასია გადაიქცეს ახალი შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად, ასევე აღნიშნა, რომ საგარეო უწყების მხრიდან მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.


ხაზი გაესვა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველოს მტკიცე პოლიტიკურ, დიპლომატიურ და ჰუმანიტარული ხასიათის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რაც გამოიხატა არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში პრაქტიკული მხარდაჭერით, არამედ საქართველოს მტკიცე პოზიციებით, იქნება ეს რეზოლუციების თანაავტორობა, თანასპონსორობა, თუ განცხადებებზე მიერთება ყველა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში.


საუბარი შეეხო მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს უკეთ წარმოჩენის მიზნით ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს, ასევე უცხოეთში ქართული დიასპორის გაძლიერების მიმართულებით გაწეულ და დაგეგმილ ქმედებებს. შეხვედრაზე მინისტრმა მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია სამინისტროში განხორციელებულ ადმინისტრაციული ხასიათის ცვლილებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს როგორც უწყების თანამშრომელთა სამუშაო პირობების, ისე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიათა საქმიანობის გაუმჯობესებას. შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა საგარეო საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეებს შესაბამისი დავალებები მისცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930