11-02-2023
ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა გორდან გრლიჩ რადმანმათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. მინისტრმა სტუდენტებს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ხორვატიის გამოცდილება გაუზიარა და საქართველოს ამ კუთხით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ლექციის დასრულების შემდეგ მინისტრმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
საჯარო ლექციას თსუ რექტორი ჯაბა სამუშია,ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი,უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ღონისძიებას მოდერაციას თსუ პროფესორი, საერთაშორისო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი ირინე ქურდაძე უწევდა.
თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. „გორდან გრლიჩ რადმანმა იმ გზაზე ისაუბრა, რაც ხორვატიამ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით გაიარა. შეხვედრის ბოლოს კი, მინისტრმა სტუდენტების ძალიან საინტერესო შეკითხვებს უპასუხა,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი გორდონ გრლიჩ რადმანი საქართველოს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში, 8 თებერვალს ეწვია.
თსუ-ში ვიზიტისას გორდან გრლიჩ რადმანმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს და შესაბამისად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა ძალიან შთამბეჭდავი იყო. მათი კითხვებიდან დავინახე, რომ საფუძვლიანად ერკვევიან საერთაშორისო საკითხებში, იციან როგორი უნდა იყოს მათი ქვეყნის უკეთესი მომავალი - კონფლიქტისა და ომის გარეშე. მათ სურთ იყვნენ ევროპული გაერთიანების სრულფასოვანი წევრი,“ - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
"ხორვატია არის საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სტუდენტებმა არაერთი შეკითხვა დავსვით პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური, კულტურული თუ ეკონომიკური სფეროების გარშემო და მივიღეთ ამომწურავი პასუხები,“ - აღნიშნა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა ნიკა კრაწაშვილმა.მისივე თქმით, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს, როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე საქართველოს წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრისვიზიტისაქართველოში 11 თებერვლამდე გაგრძელდება.გორდან გრლიჩ რადმანი სხვადასხვა დროს იყო ხორვატიის რესპუბლიკის ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და უნგრეთში.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 300-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს 56 ქვეყანაში, მათ შორის ხორვატიის (ზაგრების, რიეკას და ზადარის) უნივერსიტეტები. თსუ-ში 24 უცხოენოვანი პროგრამა მოქმედებს, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე არაერთი პროგრამა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰყავს საერთაშორისო სტუდენტები მსოფლიოს 52 ქვეყნიდან.
16-11-2024
16-11-2024