11-02-2023
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა. მან, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის თანაგრძნობა გამოუცხადა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა: ''ჩვენს დიდ მეგობარს და ბოლო ათწლეულების მანძილზე ჩვენს ურყევ და გულითად მხარდამჭერს, თურქეთის რესპუბლიკას, მის მოქალაქეებს, დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ ამ ტრაგედიის გამო. გული სისხლით გვევსება ამ უბედურების მომსწრეებს. გაძლიერდით და გფარავდეთ ღმერთი! გვიგულეთ ყოველთვის თქვენს გვერდით!''
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი ქალაქ გაზიანთეპის სიახლოვეს იყო. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17-ზე დაიწყო. მიწისძვრამ,თურქეთის 10 ქალაქში, მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია; ნანგრევებში ათასობით ადამიანია მოქცეული; დღეის მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა. სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან ჩასული მაშველები, დღემდე ცდილობენ, ნანგრევებიდან გადარჩენილთა ამოყვანას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტრაგედიიდან რამდენიმე საათში, თურქეთში, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ქართველ პროფესიონალ მაშველთა ჯგუფი გაიგზავნა. საქართველომ, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის, 1 მილიონი ლარი გამოყო; მიწისძვრით დაზარალებულთათვის, აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები, საქართველოდან დღეს გაიგზავნება;
16-11-2024
16-11-2024