ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებული ღონისძიების ფარგლებში შემოწმდება ხის გადამამუშავებელი როგორც ქართული ისე უცხოური კომპანიები.
ამის შესახებ საგამოძებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეამოწმებს ყველა რეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროს, მიუხედავად მათი მფლობელებისა. ამ ეტაპზე დანიშნულია შემოწმება 2 უცხოურ (ჩინური და ირანული) კომპანიაში, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს ხის გადამუშავება-რეალიზაცია.
დღეისათვის საგამოძიებო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. შემოწმება უკვე ტარდება ხე - ტყის გადამამუშავებელ 52 საწარმოში. ღონისძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე, გამოვლენილია რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 23 საამქრო და ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა. ხე-ტყის მასალის რეალიზაციის კანონიერების შესწავლის მიზნით, ქალაქებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე - ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე ინვენტარიზაცია მიმდინარეობს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით“- ნათქვამია განცხადებაში.