16-02-2023
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2022 წლის ანგარიშის და მიმდინარე წლის სამუშაო გეგმის შესახებ ინფორმაცია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გააცნო.
გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით, 2022 წელს, საქართველოს მასშტაბით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 7000-მდე პირი გადამზადდა. გაგრძელდა ფერმერთა ტრენინგები ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, ხარისხის გაზრდის და აგრარული მიმართულებით ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
როგორც აღინიშნა, დეფიციტური გარემოსდაცვითი პროფესიების ხელშეწყობის მიზნით, დაინერგა „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამა. 32 წარჩინებულ მაგისტრატურის სტუდენტს 1500-ლარიანი სტიპენდია გადაეცა. დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, შემუშავდა და განხორციელების უფლება მოიპოვა პროფესიული მომზადების/გადამზადების სამმა პროგრამამ – „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, „გარემოსდაცვითი მმართველი“ და „სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის კლიმატგონივრული დაგეგმვა“. დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადების მიმართულებით გაგრძელდა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის დანერგვა. ამ დროისთვის, სულ გადამზადებულია 4000-მდე პედაგოგი.მოსწავლეები სწავლობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი. გაგრძელდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პრაქტიკოსების გადამზადების პროცესი, განახლდა შესაბამისი სახელმძღვანელო და დაემატა ახალი თემა – კლიმატის ცვლილება. მიმდინარე წელს ცენტრი აქტიურად იმუშავებს სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის პროგრამისა და სახელმძღვანელოს შემუშავების მიმართულებით.
16-11-2024
16-11-2024