21-02-2023
მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ ისინი უახლოეს მომავალში სუფთა ამერიკულ კანონპროექტს წარადგენენ „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“, რადგან მათ მიერ მანამდე დაინიციირებულმა ქართულმა, შერბილებულმა ვარიანტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სპეკულაციები გამოიწვია, მოძრაობის წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი განცხადებით, ამერიკული კანონპროექტი მეტი სიმკაცრით გამოირჩევა და ქართული ანალოგის კრიტიკოსები პასუხად უფრო მძიმე კანონპროექტს მიიღებენ.
„არ უნდათ ეროვნული? უნდათ ამერიკული? გასაგებია! ვერ იგებენ, რომ „რუსულს“ ეროვნულთან უკვე 10 წელია არაფერი საერთო არ აქვს? ალტერნატიულ კანონპროექტად ამერიკულს მიიღებენ. გასაგებია! არ ესმით, რა განსხვავებაა აგენტსა და ჯაშუშს შორის? ამერიკულ კანონპროექტში ამის შესახებაც ამოიკითხავენ! როდესაც აშშ-ში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი, ამერიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტი, რუსეთის მოქალაქე მარია ბუტინა დააკავეს, მას ბრალი სწორედ FARA-ს კანონის, ანუ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მოთხოვნათა დარღვევის გამო წაუყენეს და მსჯელობდნენ 10 წლით თავისუფლების აღკვეთაზე (18 თვე მიუსაჯეს)! მივესალმები ამერიკელი სამართალდამცველების ოპერატიულ სიფხიზლესა და ამერიკული კანონმდებლობის სიმკაცრეს! როდესაც ეროვნული კანონპროექტი არაა მორგებული ფიზიკურ პირზე - ის „რუსული“ და არადემოკრატიულია.
როდესაც ეროვნული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ჯაშუშებზე თუ „კუდიანებზე“ ნადირობას - ის არადემოკრატიული და „რუსულია“. როდესაც ეროვნული კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამრღვევთა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას - ის „რუსულ-არადემოკრატიულია“. როდესაც ახალი, ალტერნატიული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ქართული ციხე კანონდამრღვევებით გაივსება, ეს კანონი უეჭველად დემოკრატიული იქნება, რამეთუ - ამერიკულია! Why not?“, - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024