24-02-2023
პარლამენტის წევრი და „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მსოფლიო ვალდებულია ამ ომში ჩაერთოს მშვიდობის დასამყარებლად.
„მსურს კიდევ ერთხელ თანავუგრძნო უკრაინელ ხალხს ამ უსამართლო ომის გამო. ერთი წლის წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს საშინელი ომი ამდენ ხანს გასტანდა და უფრო მეტიც, კიდევ უფრო გამძაფრდებოდა. რუსეთის აგრესიას და თავზეხელაღებულობას საზღვარი არ აქვს.
საზღვარი არა აქვს უკრაინელი ხალხის ტანჯვასაც. ერთი წელია მსოფლიო უყურებს უკრაინისთვის დამანგრეველ და დანარჩენი მსოფლიოსთვის ძალზედ სახიფათო ომს. ვხედავთ, რომ ის, რაც კეთდება: სანქციები, იარაღის მიწოდება, საინფორმაციო ომი და ძლიერი პიარკამპანია, საკმარისი არ არის.
დასავლეთმა ყირიმის თემა გაყინულ კონფლიქტში გადაიტანა. ორ ოლქში კი რუსეთი აგრძელებს მრისხანე ომს. ძალიან ძნელია რუსეთის სისასტიკის ატანა. უკრაინელი ხალხი გმირულად იბრძვის საკუთარი ქვეყნის დასაცავად. მაგრამ, არის კი საკმარისი მათი თავდადება რუსეთის დასამარცხებლად? მსოფლიო ვალდებულია ამ ომში ჩაერთოს მშვიდობის დასამყარებლად, ვალდებულია უპირველეს ყოვლისა, უკრაინელი ხალხისთვის და შემდეგ დანარჩენი ქვეყნებისთვის, რათა ომის ცეცხლი არ მოედოს ევროპას.
ვუსურვებ უკრაინელ ხალხს გამძლეობას და სიმტკიცეს საკუთარი მიწის დასაცავად! მსოფლიოს კი ვუსურვებ გამოფხიზლებას და რეალურ პოლიტიკურ ქმედებებზე გადასვლას“, - ნათქვამია განცხადებაში.
16-11-2024
16-11-2024