29-07-2018
აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერის შეფასებით, რომელიც მან რადიოსადგურ "ამერიკის ხმასთან" საუბრისას გააკეთა, სირიის შემდეგ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება სხვა ქვეყნების მიერ ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა ამის საფრთხე იმ ქვეყნებისგან, რომლებიც რუსეთზე არიან დამოკიდებულნი, ყოველთვის არსებობს.
ვოლკერის განცხადებით, სირიის ეს ნაბიჯი მისმა რუსეთზე დამოკიდებულებამ განაპირობა.
„პირველ რიგში, სირია მთლიანად დამოკიდებულია ირანსა და რუსეთზე. რაც შეეხება რუსეთს, ის ცდილობს მდგომარეობის დაძაბვას სხვადასხვა საკითხებით, იქნება ეს ბრიტანეთში ნერვული აგენტის გამოყენება, სირიაში სამხედრო კამპანია, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო ვითარება თუ საქართველოს შემთხვევაში, აღიარება“, - აცხადებს კურტ ვოლკერი.
მისი თქმით, სხვა ქვეყნების მხრიდან ამ ნაბიჯის გამეორება ნაკლებად სავარაუდოა.
„ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ [აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი]. როგორც იცით, სხვა ქვეყნებმა, რომლებიც მოსკოვზე არიან დამოკიდებული ან მისგან რაიმეს მიღებას ელიან, ეს ნაბიჯი გადადგეს. მათ შორის ნიკარაგუა ერთ-ერთია და ასევე, წყნარი ოკეანის კუნძულს ამაში ფული გადაუხადეს. თუმცა სახელმწიფოების უმეტესობა ასე არ მოიქცევა, რადგან ყველა ქვეყანას აქვს რეგიონი ან ქვეყნის ნაწილი, რომელიც შემდეგ გამოყოფას მოინდომებს“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი.
18-12-2024