25-02-2023
დღეს, საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის 102 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, დირექტორის მოადგილეებმა - მირონ ჩიგოგიძემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა ტაბახმელაში, საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
„ ზუსტად 102 წლის წინ, ამ ადგილას იყო ერთ-ერთი ძლიერი თავგანწირვა და ბრძოლა ქვეყნის თავისუფლებისათვის. გმირთა სახელები უკვდავია! დღეს ჩვენ, ყველანი პატივს მივაგებთ ამ ქვეყნის თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს. საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში კვლავ არიან გმირები! ეს ქვეყანა არის უკვდავი და ის იქნება თავისუფალი! თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ვალდებულება, არა მარტო პატივის მიგებით, არამედ ცხოვრების წესით ვიზრუნოთ და ვიცხოვროთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს ძლიერი!" განაცხადა კობა კობალაძემ.
1921 წლის თებერვალში, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას, იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი, კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ, თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.
16-11-2024
16-11-2024