27-02-2023
უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ჩვენთვის ყველაზე სასიხარულო ის უფასო რეკლამაა, რომელზეც ვერც ვიოცნებებდით. რეკლამას გვიკეთებს ყველა - დაწყებული თეთრი სახლის ადმინისტრაციიდან, სახელმწიფო დეპარტამენტით დამთავრებული, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოს ოკუპაცია ფარულადაც მიმდინარეობს, რადგან, როგორც კი სახელმწიფო დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას იწყებს და სუვერენიტეტის გაძლიერებას ცდილობს, ყველა მხრიდან, მათ შორის დასავლეთისგანაც, უარყოფითი რეაქციაა.
„მე-19, მე-20 საუკუნის საქართველოს ოკუპაციის მაგალითები ვიცით, მათ შორის, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფოს და ეკლესიის ავტოკეფალიას გიუქმებდა და საკუთარ ორგანიზაციებს უქვემდებარებდა. ამ დროს უფრო გასაგები იყო, რა ტიპის ოკუპაციასთან გქონდა საქმე და კონტრზომებსაც მარტივად იღებდი, რადგან იცოდი, რა გქონდა შესაცვლელი, ვის წინააღმდეგ და რისთვის უნდა გებრძოლა. 21-ე საუკუნის ოკუპაცია საქართველოსთან მიმართებით, ძალიან საინტერესოა: ყველა შენი პარტნიორი შენს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მაგრამ როგორც კი საკუთარ კონსტიტუციაზე დაყრდნობით იწყებ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შერჩევას და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უცხოური გავლენებისა და ჩარევების გამჭვირვალობის საკითხს აყენებ, თან, შენ თვითონ კი არ იგონებ ამას, არამედ ისეთი სახელმწიფოების გამოცდილებას მიმართავ, როგორიც არის აშშ, ბრიტანეთი, კანადა, ზელანდია, ავსტრალია, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სპეცსამსახური MI-6 მძვინვარებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, იქაც დგას იმის საჭიროება, რომ უცხოური ჩარევების გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით სისტემა ჰქონდეთ, აწყდები იმ ფაქტს, რომ იქ თურმე ეს ყველაფერი კარგია და საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეა, მაგრამ, საქართველოს თურმე ამის უფლება არ აქვს.
ამაში გამოიხატება მათი რეალური დამოკიდებულება ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით, რადგან კოლონიზატორს ყოველთვის აღიზიანებს ყოფილი ვასალის ჯანყი, რომელიც ცდილობს, საკუთარი დამოუკიდებლობა დაიცვას და სუვერენიტეტი გააძლიეროს“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024