28-02-2023
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე “ITB Berlin 2023” საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გამოჩნდება, სადაც ის 44 ტუროპერატორთან და 23 სასტუმროსთან ერთად არის წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ჩვენ ყველაფერი გამზადებული გვაქვს ბერლინის ტურისტული გამოფენისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა როგორც ჩვენთვის, ასევე ქვეყნისთვის. პანდემიის გამო ბევრი პარტნიორი დავკარგეთ და სწორედ ახალი პარტნიორების შესაძენად, ახალი კავშირებისთვის, ასევე ქვეყნის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისათვის მივემგზავრებით გერმანიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით. მათი მხარდაჭერით ჩატარებული გამოფენები ყოველთვის მაღალ დონეზე ტარდება“, - განაცხადა კომპანია Check-in Travel-ის წარმომადგენელმა ია გედევანიშვილმა.
„2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე „ITB Berlin-მა“ მსოფლიოს 181 ქვეყნიდან გამოფენის 10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა. გამოფენას მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.
გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ამ გამოფენაზე მთელი მსოფლიო ცდილობს წარმოადგინოს თავისი საუკეთესო მხარეები, ძალიან ბევრი ქვეყანა შოუს დგამს, წარმოდგენილია თავისი ატრაქციებით და ჩვენ ამ შემთხვევაში დიდი პატივი გვაქვს ვიყოთ მასპინძლები და ვიყოთ ამ ყველაფრის ცენტრში“, - განაცხადა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024