გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გრიგოლ გიორგაძე: ჩვენი მოდელი ძირითადად, არის ფინეთის, ესტონეთის მოდელი, რომელიც თავისთავად გამოდის შვეიცარიული მოდელიდან, რაც ეფუძნება ტოტალურ თავდაცვას, მაქსიმალურად მეტი ადამიანის გადამზადება-მომზადებას

1-03-2023

„ჩვენი ამოცანა იქნება, რომ მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა მოვამზადოთ და შევქმნათ გადამზადებული, გაწვრთნილი რეზერვი“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, სადაც მან თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ რეფორმებზე ისაუბრა.


როგორც გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, ხდება აპელირება, თითქოს სავალდებულო სამხედრო სამსახური არის მონობა, მაშინ, როდესაც ის მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი და ა.შ.


„შვედეთმა 2017 წლიდან აღადგინა სავალდებულო სამხედრო სამსახური. ლიეტუვამ 2015 წლიდან. ეს უკავშირდება ყირიმის ანექსიის შემდეგ გაზრდილ საფრთხეებს და სწორედ, აი ამ გარემოში, სადაც ეს საფრთხეები გაზრდილია, ბუნებრივია, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არის ნომერ პირველი ამოცანა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ლატვიაში და გერმანიაში უკვე აქტიურად მიმდინარეობს დისკუსიები, რომ აღადგინონ სამხედრო სავალდებულო სამსახური. „ჩვენი მოდელი ძირითადად, ეს არის ფინეთის მოდელი, ესტონეთის მოდელი, რომელიც თავისთავად გამოდის შვეიცარიული მოდელიდან, რაც ეფუძნება ტოტალურ თავდაცვას, მაქსიმალურად მეტი ადამიანის გადამზადება-მომზადებას“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. მისივე თქმით, წვევამდელთა სამსახური არასწორი სისტემაა, ნაკლებად პოპულარულია და სწორედ მისი შეცვლა მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილემ იმ ბენეფიტებზე და სამოტივაციო მეთოდებზე ისაუბრა, რაც გაზრდის მიმართვიანობის მაჩვენებელს.


„ჩვენი მოლოდინია, რომ გაიზრდება მიმართვიანობა და ასევე, ნებაყოფლობით მოხდება დაფიქსირება. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება არც დაგვჭირდეს სავალდებულო წესით გავიწვიოთ. ჩვენ აქამდე უნდა მივიდეთ, რომ ყველას სურდეს გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური. მინისტრის მოადგილემ სოციალური მხარდაჭერის პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რასაც თავდაცვის უწყება მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს სთავაზობს. „ჩვენ სახეზე გვაქვს და კარგია, რომ გაგრძელდება ეკონომიკური გაძლიერების ტენდენცია, ეს პირდაპირ მიბმული იქნება ჯარისკაცის პირობების გაუმჯობესებაზე, არა მხოლოდ წვევამდელის, არამედ, პირველ რიგში, პროფესიული სამხედრო მოსამსახურის. ვიცით, რომ ხელფასების 20%-იანი მატება არის ყოველწლიურად სამხედროებისათვის.“ გრიგოლ გიორგაძემ ასევე ისაუბრა მახათას მთაზე მშენებარე „ჯარის ქალაქზე“, სადაც ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ უპრეცედენტო პირობებით შეიძინა ბინა და აღნიშნა, რომ წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, 3 წელიწადში ერთხელ განახორციელოს აღნიშნული ბინათმშენებლობები. მისივე თქმით, სამხედრო მოსამსახურეები სარგებლობენ კარგი სადაზღვევო პაკეტით, სოციალური დახმარებით, განათლების თანადაფინანსებით, მაღალი ხარისხის უნიფორმით, კვებით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით. 


„ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა არის გაცხადებული პოლიტიკა და ეს მოიცავს წვევამდელებზე ზრუნვასაც“, - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930