3-03-2023
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, გლობალური მობილური საკომუნიკაციო სისტემების ასოციაციის (GSMA) მიერ ორგანიზებული მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესის (MWC) ფარგლებში, ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის მოადგილესთან, რენატე ნიკოლაისთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.
ბარსელონაში ჩატარებული შეხვედრების მთავარი საკითხი ევროკომისიის მიერ საქართველოს ტელეკომუნიკაციების მიმართულებით მხარდაჭერა იყო, კერძოდ: ComCom-ის გაერთიანება ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული მარეგულირებლების ორგანოში (BEREC) და ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების მიმდინარე აქტივობები. ორმხრივი შეხვედრები ასევე გაიმართა BEREC-ის თავმჯდომარესთან და ირლანდიისა და საფრანგეთის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელებთან, სადაც საუბრის მთავარი თემები საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება იყო.
MWC ტელეკომუნიკაციების სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელსაც წელს 88 000-ზე მეტი სტუმარი და მონაწილე ჰყავდა. 2023 წლის ღონისძიებაზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა მე-5 და და მე-6 თაობის მობილური ტექნოლოგიების (5G, 6G) განვითარება, ციფრული ტრანსფორმაცია და ტექნოლოგიების როლი მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნისა და პრაქტიკასთან დაახლოების პროცესისთვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და მარეგულირებელი ქსელების გამოცდილებების გაზიარება კომისიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.
16-11-2024
16-11-2024