3-03-2023
მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული გამოფენისთვის ბერლინში საქართველოს მთავარი პავილიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს - ITB Berlin-ის სამზადისს, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გაეცნო. მინისტრის მოადგილესთან ერთად საქართველოსთვის განკუთვნილ საგამოფენო ლოკაციებზე ITB Berlin-ის დირექტორი დებორა როთი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იმყოფებოდნენ.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს სტენდი გამოფენის მონაწილე სხვა ქვეყნების სტენდებს შორის განსაკუთრებული იქნება.
„დასკვნით ეტაპზეა ჩვენი ქვეყნის მთავარი პავილიონის მშენებლობა ბერლინში და პირველი კონტურებიდან უკვე ჩანს, რომ საქართველოს სტენდი იქნება განსაკუთრებული „აითიბი ბერლინის" სხვა მონაწილე ქვეყნებთან მიმართებაში. ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოს ღირსეულად და სწორად წარმოედგინა ჩვენი ქვეყნის კულტურა, ისტორია და თანამედროვეობა, ისევე როგორც ის სიძველე, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 80-ზე მეტი ქართული კომპანია, რომლებსაც ასევე ექნებათ კარგი შესაძლებლობა, გამოფენის მსვლელობისას ბიზნესურთიერთობები დაამყარონ საერთაშორისო, წამყვანი ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან.
„გვექნება ძალიან დატვირთული რამდენიმე დღე, ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილია მთავარ პავილიონში მთავარი სტენდით, ამავდროულად, გვექნება ცალკე სტენდი სათავგადასავლო ტურიზმის პავილიონში, ისევე, როგორც მთავარ შემოსასვლელში" - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველო კვლავ იქნება საერთაშორისო მედიის ეპიცენტრში და „აითიბი ბერლინის" მასპინძლობა ჩვენს ქვეყანას მისცემს ძალიან დიდ, ახალ ბიძგს ტურიზმის სექტორის განვითარებაში.
„დარწმუნებულები ვართ, „აითიბი ბერლინის" დასრულების შემდეგ ჩვენი ქვეყანა ტურიზმის ინდუსტრიას ახალ ნიშნულზე აიყვანს და ჩვენ შევძლებთ ვუმასპინძლოთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს საქართველოში" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
16-11-2024
16-11-2024