7-03-2023
ITB Berlin-ზე ათიათასობით ტურისტული კომპანია და ვიზიტორი იქნება წარმოდგენილი, მათ საშუალება ექნებათ, გაეცნონ ჩვენი ქვეყნის პოტენციალს, მსოფლიოში არ მოიძებნება ბევრი ქვეყანა, რომელსაც აქვს უწყვეტი, მრავალათასწლიანი კულტურა, ისტორია და ჩვენ ამით ვამაყობთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა როგორც გერმანიის მთავრობას, ისე გამოფენის ყველა ორგანიზატორს და აღნიშნა, რომ ორგანიზატორებმა გუშინ ძალიან კარგად წარმოაჩინეს საქართველოს უნიკალური კულტურა.
„ჩვენთვის დიდი პატივი იყო და არის, რომ საქართველო, პირველად არის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა. ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი უნიკალური ბუნება და ყველა ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. მე ამის თაობაზე ვრცელი პრეზენტაცია წარვადგინე გუშინ. მართლაც, მსოფლიოში არ მოიძებნება ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელსაც აქვს უწყვეტი, მრავალათასწლიანი კულტურა, ისტორია და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ამით ვამაყობთ. საამაყოა ნამდვილად, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარმოდგენილი. გუშინ ჩვენ მიღებაზე ასევე გვესწრებოდა გერმანიის ვიცე-კანცლერი, ბერლინის მერი. მე კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო გერმანიის მთავრობის მიმართ, რომ მოგვეცა ეს მართლაც ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ. აქ ათიათასობით ტურისტული კომპანიაა წარმოდგენილი და ძალიან ბევრი ვიზიტორი იქნება წარმოდგენილი. მათ ექნებათ საშუალება, რომ გაეცნონ ჩვენი ქვეყნის პოტენციალს. რა თქმა უნდა, ყველამ ძალიან კარგად იცის საქართველოს შესახებ. ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას ვუთმობთ ზოგადად ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში. მე აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზატორს, რომელიც ჩართული იყო ჩვენი ქვეყნის აი ამ პრეზენტაციის მომზადებაში, მე ვფიქრობ, ძალიან კარგად წარმოაჩინეს ჩვენი უნიკალური კულტურა გუშინ. ასე რომ, ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
16-11-2024
16-11-2024