10-03-2023
„ხალხის ძალის“ კანონპროექტის შესახებ პროტესტის პირველი გამომთქმელი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი. რა არის ასეთი? რა მოხდა, რას შევეხეთ და რა ვთქვით ისეთი, რამაც მისი ასეთი აღშფოთება გამოიწვია? ჩვენ ვითხოვდით გამჭვირვალობასა და იმ ორგანიზაციების ინფორმაციის საჯაროობას, რომლებიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ. რა არის ამაში მიუღებელი?, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი.
მისი თქმით, კანონპროექტის ინიცირებამ ნიღაბი ჩამოხსნა იმ ადამიანებს, რომელთაც რაღაც ჰქონდათ საზოგადოებისთვის დასამალი.
„ახალი თაობისთვის მათთვის გასაგებ ენაზე, მოკლე ინფორმაციების მიწოდების ტექნოლოგია ინტენსიურად არ გამოგვიყენებია. შესაძლოა, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ რადიკალებმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოტყუება შეძლეს. დღეს „ფეიკ“ ინფორმაციასთან გამკლავება რთულია, თუმცა, მთავარი მაინც ჭეშმარიტებაა - შენს სინდისს, შენს თავს ხომ ვერ მოატყუებ, სინდისს ვერ გაექცევი - ჩვენ მოქალაქეებს ვეუბნებით სიმართლეს, ისინი კი „ფეიკებით“ ცდილობენ ადამიანების მოტყუებას.
ჩემმა შვილმა მითხრა, რომ შეიძლება სიმართლეს ამბობთ, მაგრამ, ჩვენს თაობას არ ესაუბრებით, ძალიან ცოტაა ისეთი ახალგაზრდა, რომელიც თქვენ გისმენთო. არსებობს ახალგაზრდების ნაწილი, რომელთაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებული შეხედულება აქვთ, იციან, რომ ისინი „ფეიკებით“ ცხოვრობენ, სამართლიანად აღიქვამენ ყველაფერს, მაგრამ მათ ჩვენ თავიანთ ენაზე არ ვესაუბრებით, მათთვის საჭირო ინფორმაციას არ ვაწვდით.
როცა ამ ომსა და ბრძოლაში ხარ, ეს გამოსასწორებელია და ამ ადამიანებამდე ტექნოლოგიების საშუალებით სიმართლეა მისაწოდებელი. მეც იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომლის დროსაც 1980-იანი წლების მიტინგები დაიწყო. მაშინ ჩვენ შეცდომები დავუშვით, პატრიოტული მოტივით, ერთმანეთს იარაღი მივუშვირეთ და ძალიან ბევრი ახალგაზრდა დავკარგეთ სწორედ ამ მიდგომით. შეცდომაა, თუ ვიტყვით, რომ მაშინ სხვა დრო ან სიტუაცია იყო და ახლა სხვაა. მაშინ ჩვენც ახლანდელი ახალგაზრდებივით ვფიქრობდით, რომ სწორად ვიქცეოდით, როცა რეზო თაბუკაშვილს არ ვუსმენდით და მერაბ მამარდაშვილს სცენიდან ვაგდებდით. მაშინ არ იყო ტექნოლოგია, მაგრამ იყო ეს მიდგომები, რომლებიც ამ პროცესს თან ახლავს - როცა იგეგმება აქცია, მარტივ ენაზეა მისაწოდებელი ინფორმაცია და უკვე კულმინაციაში მიდის თემა, ვიღაცა ამით არის დაინტერესებული.
აქ სწორედ ის პრობლემა იჩენს თავს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - ინფორმაციის მიწოდების პრობლემა. მაგრამ ის კიდევ სხვა პრობლემაა და რაც მოხდა, ეს კიდევ სხვა. მაშინაც გარედან დაგეგმილი იყო და ახლაც ასეა. ახალგაზრდები მიდიოდნენ პატრიოტულად განწყობილნი, უნდოდათ, თავიანთი ქვეყნის თავისუფლება და სწორედ ახალგაზრდების ამ სულისკვეთებას იყენებენ მათ დასამორჩილებლად. სწორედ ეს მოხდა მაშინ, ოღონდ მაშინ ვერ გამოვასწორეთ სიტუაცია. მართალია, ახლაც თითქმის იმ ნაკადით მივდიოდით, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენი გონივრული პოლიტიკა დავუპირისპირეთ და თავიდან ავიცილეთ სავალალო შედეგები.
ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა სეგმენტს, რამხელა თემას შეეხო „ხალხის ძალა“, რომ პირველი, ვინც პროტესტი გამოთქვა, იყო სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი. რა არის ასეთი? რა მოხდა, რას შევეხეთ და რა ვთქვით ისეთი, რამაც მისი ასეთი აღშფოთება გამოიწვია? ჩვენ ვითხოვდით გამჭვირვალობასა და იმ ორგანიზაციების ინფორმაციის საჯაროობას, რომლებიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ. რა არის ამაში მიუღებელი? პირიქით, მისაღები არ უნდა იყოს?! ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ესე იგი რაღაცას მალავ ამ ორგანიზაციების საშუალებით, ამიტომაც შეგაწუხა ამ თემამ. არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ამ კანონმა უკვე იმუშავა, ეს ყველაფერი უკვე ლუსტრაციაა“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024