16-03-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის ემინ ამრულაევის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის მინისტრები კახის მე-2 ლიცეუმს ესტუმრნენ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი STEAM-ცენტრი გახსნეს.
კახის მე-2 ლიცეუმში ქართულენოვანი სექტორი ფუნქციონირებს, სადაც 103 ქართველი მოსწავლე იღებს ზოგად განათლებას. ამ ეტაპზე ქართულენოვანი სექტორის მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესს 22 ქართველი მასწავლებელი უძღვება.
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა, ემინ ამრულაევთან ერთად, ალიბეგლოს შოთა რუსთაველის სახელობის სრული საშუალო ქართულენოვანი სკოლაც დაათვალიერა, სადაც 160 ქართველი მოსწავლე იღებს განათლებას და 32 ქართველი მასწავლებელია დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ სასწავლებელი 2019 წელს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით აშენდა და იქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ალიბეგლოში მცხოვრებმა ქართველმა ახალგაზრდებმა განათლება მშობლიურ ენაზე მიიღონ.
სკოლებში ვიზიტისას მინისტრებთან ერთად ასევე იმყოფებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.
16-11-2024
16-11-2024