16-03-2023
„ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატების სამუშაო ოთახებში ანტიდასავლური შინაარსის წიგნების დარიგებას ეხმაურება და აღნიშნულ ფაქტს იაფფასიან კამპანიას უწოდებს.
როგორც იონათამიშვილი ფეისბუკზე წერს, „ლუციფერის მხილების“ დარიგება პარლამენტის დისკრედიტაციის მიზნით მოხდა:
ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის სამუშაოს და კონკრეტულ პარტიას კი არა, სახელმწიფო ინსტიტუციას ემსახურება, მათი ჩართვა, მდაბიო ხარისხის პოლიტიკურ ბუფონადებში უკიდურესად უღირს საქციელად მიმაჩნია. რაც შეეხება იმ გამოცემას, სარჩევი ჰქონდა გაზიარებული არაერთს და იქიდანაც კი ჩანდა, რომ ეს მაკულატურა შეიცავს ანტისემიტურ ჩანართებს. მისი ფოტოს ატვირთვა და გაზიარებაც კი არის დაუშვებელი და ახალისებს იმას, რაც ყველაზე მიუღებელია ჩემთვის! არ შეიძლება პოლიტიკური ინტერესის გამო იკადრო ყველაფერი, მით უმეტეს, ტყუილი, დეზინფორმაცია და ფაშიზმი!“, - წერს რატი იონათამიშვილი.
ცნობისთვის, 14 მარტს საქართველოს პარლამენტის დეპუტატების სამუშაო ოთახებში ანტიდასავლური შინაარსის წიგნები დარიგდა. დეპუტატებმა „ლუციფერის მხილება“ იმ დროს მიიღეს, როცა პარლამენტის შენობის წინ პრორუსული პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ აქცია იმართებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ლელოს“ აპარატის უფროსმა, პოლიტიკოსმა ლანა გალდავამ განუცხადა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის აპარატმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება“.
ამავე განცხადებით ირკვევა, რომ წიგნი მიიღეს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის დეპუტატებმა.
„პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია. ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები“, - წერია განცხადებაში.
16-11-2024
16-11-2024