გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია კატარის მუნიციპალიტეტების მინისტრს აბდულა ბინ აბდულაზიზ ბინ თურქი ალ სუბაიეს შეხვდა

17-03-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში, კატარის მუნიციპალიტეტების მინისტრს აბდულა ბინ აბდულაზიზ ბინ თურქი ალ სუბაიეს  შეხვდა.


ქ. დოჰაში, საერთაშორისო აგროგამოფენის„Agriteq 2023“ ფარგლებში გამართულ  შეხვედრაზე, მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის საკითხები განიხილეს.  როგორც აღინიშნა, ყურის ქვეყნები, მათ შორის კატარის სახელმწიფო, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს.                                               


შეხვედრაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ვრცლად ისაუბრა ფერმერთა დახმარების სახელმწიფო პროგრამებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქტის წარმოების ხელშეწყობისთვის საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც განაპირობებს როგორც წარმოების მასშტაბების, ასევე  საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციისადმი ინტერესის ზრდას. ოთარ შამუგიამ კატარის მუნიციპალიტეტების მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა საინვესტიციო პროექტის „იმერეთის აგროზონა“ შესახებ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყურის ქვეყნებში ქართული კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ბაზარზე დამკვიდრება, რომელთა შორისაა, ქართული თაფლი, თხილი, მშრალი ხილი, ლურჯი მოცვი და ცხვრის ხორცი.


კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტების მინისტრმა აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ სუბაიემ მადლობა გადაუხადა ოთარ შამუგიას კატარის სახელმწიფოში ვიზიტისთვის და საერთაშორისო აგროგამოფენაზე ქართული სტენდის წარმოდგენის მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ კატარის სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებით და აღნიშნა, რომ ქართული ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქტის ცნობადობა, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა და, რომ ორ ქვეყანას შორისსავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების  პოტენციალი ნამდვილად არსებობს.


კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტების მინისტრთან გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930