17-03-2023
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით - დავასრულეთ მოლაპარაკება ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომლითაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები დაიწყება", - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დასრულების კომენტირებისას.
ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი ლევან დავითაშვილმა და საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, განისაზღვრება სავარაუდო თარიღი, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შედეგად, შეთანხმების ტექსტი მზად იქნება ოფიციალური ხელმოწერისთვის.
„რა თქმა უნდა, ეს იქნება ახალი ეტაპი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს არამხოლოდ ტარიფების გარეშე ვაჭრობის საკითხებს. და, რა თქმა უნდა, ინვესტიციების დაცვის დოკუმენტთან ერთად მნიშვნელოვანი ფუნდამენტი და წინაპირობა იქნება, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოსა და საამიროებს შორის აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების მესამე და საბოლოო რაუნდი თბილისში გაიმართა - 15 მარტს დაიწყო და დღეს, 17 მარტს დასრულდა. საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც საქართველოსთვის დამატებით გახსნის 10-მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობებს. ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის არაერთ სფეროს და საკითხს დაფარავს - საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრული ვაჭრობის და სხვა.
16-11-2024
16-11-2024