გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა კაკაბაძე: ქართველი ნეობოლშევიკები და ნეოფაშისტები გვიმტკიცებენ, რომ პარლამენტში შეჭრის მცდელობა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა და ვანდალიზმი ევროპული დემოკრატიის კლასიკური ნიმუშია

19-03-2023

დღეს ჩვენ გვიპირისპირდებიან იმ ძველი ქართველი კომუნისტების შვილები, რომლებიც საბჭოთა დროს, სწორედ ბოლშევიკური მეთოდებით გვებრძოდნენ. დღეს მათი შვილები გვებრძვიან ბოლშევიკური მეთოდებით, ოღონდ ამჯერად არა კომუნისტური იდეალების დაცვის სახელით, არამედ ახალი ლოზუნგებით. წინ წამძღვარებული აქვთ დასავლური დემოკრატიის დაცვის ევროპული იდეალები, ხოლო ფარებად აფარებული აქვთ ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, ანალიტიკოსების თუ უფლებადამცველების პროფესიები, - ამის შესახებ არასამათავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ნანა კაკაბაძის განცხადებით, ქართული საზოგადოება ყოველდღიურად ხდება იმის მომსწრე, თუ როგორ ცდილობენ სხვადასხვა პროფესიას ამოფარებული პროპაგანდისტები, ოპონენტების მტრად წარმოჩენას, საზოგადოებიდან მათ მოკვეთას და მათი შვილების დაბულინგებასაც კი.

 

მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დემოკრატიაზე, დასავლურ ღირებულებებზე და ადამიანის უფლებებზე ზრუნვის სახელით, აღნიშნული პირები ცდილობენ, მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ პარლამენტში შეჭრის მცდელობა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა და ვანდალიზმი ევროპული დემოკრატიის გამოვლინებაა, ხოლო სამართალდამცავების მხრიდან პარლამენტის შენობის და საკუთარი სიცოცხლის დასაცავად წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეის გამოყენება დიქტატორობისა და პრორუსულობის მაგალითს წარმოადგენს.

 

„ნეოფაშისტი ფარისევლები ჩვენ კარგი ცხოვრება გვინდა, მოგვეცით ძალაუფლება და სამოთხეს აგიშენებთ ქვეყანაში! -ასეთ დაპირებებს იძლეოდნენ 100 წლის წინ რუსეთში-ბოლშევიკები, ევროპაში- ფაშისტები. ხალხმა დაუჯერა ლამაზ დაპირპებებს და სამოთხის ნაცვლად მიიღო ჯოჯოხეთი.

 

გავიდა დიდი დრო, სანამ მოტყუებული ხალხი ჯერ საკუთარ შეცდომას მიხვდებოდა, ხოლო შემდეგ, ფაშისტურ და ბოლშევიკურ ჯოჯოხეთებს თავს დააღწევდა. უკვე 30 წელზე მეტია, რაც ასეთი რეჟიმები ისტორიად იქცა, მაგრამ არ გამქრალა ადამიანების სულებში ჩაბუდებული ფაშისტური და ბოლშევიკური ბაცილა. „მომეცით მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ნებისმიერ საზოგადოებას ღორის კოლტად გადავაქცე“ - ამ სიტყვებს ფაშიზმის მთავარ იდეოლოგს გებელსს მიაწერენ. დღევანდელი მოცემულობით, პატარა გებელსი ზის ყველა იმ ჟურნალისტში, პოლიტიკოსში თუ მენეჯერში, რომელიც საზოგადოებას აწვდის ცალმხრივ, დაუბალანსებელ და მხოლოდ მისი იდეოლოგიისათვის სასარგებლო ინფორმაციას. ჩვენ კი ვუყურებთ და ვუსმენთ ყოველდღიურად, თუ როგორი მონდომებით და დაჟინებით ცდილობენ ჟურნალისტის, პოლიტიკოსის, ანალიტიკოსის თუ უფლებადამცველის სახელებს ამოფარებული პროპაგანდისტები მტრად წარმოსახონ ოპონენტები, მიაკერონ მოღალატის, სატანის მოციქულების იარლიყები, დააბულინგონ მათი შვილები, ყველანი გამოაცხადონ კეთროვანებად. მოითხოვონ საზოგადოებიდან მათი მოკვეთა.

 

ამ ყოველივეს ისინი დემოკრატიაზე, დასავლურ ღირებულებებზე და ადამიანის უფლებებზე ზრუნვის სახელით აკეთებენ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ჩვენს ფაშისტ და ბოლშევიკ თანამემამულეებს ამ საქმეში ეხმარებიან სწორედ დასავლელი მხარდამჭერები. დისიდენტურ და, შემდეგ ეროვნულ მოძრაობაში ჩართულ აქტივისტებს არასოდეს გაგვიიგივებია ბოლშევიზმი და ბოლშევიკები მხოლოდ რუს ერთან.(ეს ფაშისტური აზროვნებაა) უფრო მეტიც, ქართველი ბოლშევიკები გაცილებით მეტად ერთგულებდნენ კომუნიზმის მოძღვრებას, გაცილებით უფრო სასტიკები იყვნენ, კრემლის საამებლად. დღეს ჩვენ გვიპირისპირდებიან, იმ ძველი ქართველი კომუნისტების შვილები, რომლებიც საბჭოთა დროს, სწორედ ბოლშევიკური მეთოდებით გვებრძოდნენ. დღეს მათი შვილები გვებრძვიან ბოლშევიკური მეთოდებით, ოღონდ ამჯერად არა კომუნისტური იდეალების დაცვის სახელით, არამედ ახალი ლოზუნგებით.

 

წინ წამძღვარებული აქვთ დასავლური დემოკრატიის დაცვის ევროპული იდეალები, ხოლო ფარებად აფარებული აქვთ ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, ანალიტიკოსების თუ უფლებადამცველების პროფესიები. ამ პროფესიების სახელით გვიმტკიცებენ ქართველი ნეობოლშევიკები და ნეოფაშისტები, რომ პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პოლიციელებზე და პარლამენტში მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ქვებით და რკინებით იერიშის მიტანა, ვანდალიზმი ევროპული დემოკრატიის კლასიკური ნიმუშია, ხოლო პოლიციელების მხრიდან პარლამენტის შენობისა და საკუთარი სიცოცხლის დასაცავად წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეის გამოყენება - დიქტატორობისა და პრორუსულობის გამოვლინება. სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და რუსებისთვის ქონებებისა და ტერიტორიების გადაცემა დემოკრატიის შუქურად უნდა შეფასდეს, ხოლო 2012 წლის შემდეგ საქართველოს მმართველობა - ანტიდემოკრატიულ რეჟიმად.

 

დასავლელი მფარველები მათ კვერს უკრავენ, აქეზებენ და ამტკიცებენ, რომ აშშ-ში პარლამენტზე თავდამსხმელების დახოცვაც და ასეულობით პირისათვის მრავალწლიანი პატიმრობის შეფარდება სწორია (ისევე როგორც უცხოური გავლენის აგენტების კანონის ფუნქციონირება აშშ ში), ხოლო საქართველოსთვის დაუშვებელია. ნორმალურად ითვლება ჩვენი „დაუძინებელი პარტნიორების“ მიერ იმ სახალხო დამცველის აღიარება და დემონსტრაციული დაჯილდოება, რომლის ავტორიტეტიც ქართულ საზოგადოებაში ნულს უტოლდება.

 

ნორმალური ყოფილა მათივე ქედმაღლური მითითებები იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის კონკრეტული დამნაშავეები უნდა გაათავისუფლოს საქართველოს ხელისუფლებამ, წინააღმდეგ შემთხვევაში „დემოკრატიის დასავლელი მასწავლებლების“ რისხვა დაიმსახურებს.კონსტიტუცია უნდა დაარღვიოს, როცა გარედან უკარნახებენ. გარედან კარნახით მეორე ფრონტიც უნდა გახსნა საკუთარი ერისა და ქვეყნის განადგურების ხარჯზე.

 

ვინც ასეთ უმსგავსობებს აკრიტიკებს, ჩვენი, ნეოლიბერალი ფაშისტები რუსეთუმეებს, ანტიდემოკრატებს და მონებს ეძახიან. სინამდვილეში სწორედ ჩვენ, ამგვარი დასავლეთის კრიტიკის ავტორები ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტს. ლიბერალებისგან განსხვავებით უარს ვამბობთ მონურ მორჩილებაზე დასავლეთის მიმართ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ევროპის ალტერნატივა საქართველოსთვის ოკუპანტი რუსეთი არ არის. თუ ევროპა ჩვენი ოჯახია, სადაც ვბრუნდებით, მაშინ ამ ოჯახის დღევანდელი ყოფის გაუმჯობესებაზე ზრუნვაა ბუნებრივი მოვლენა და არა მისი მონობა, ფარისევლურად ყველაფერზე თავის დახრა, დაჩოქება ან ცალფეხზე დგომა" - წერს ნანა კაკაბაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930