გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ერთხმად ცნეს

27-03-2023

ნაფიცმა მსჯულებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. ბრალდებულმა დაზარალებული იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ ავტოავარიის ინსცენირება მოაწყო და დანაშაულის დაფარვის მიზნით მსხვერპლს და ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა.


სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2022 წლის გაზაფხულზე ბრალდებულმა თანხა ისესხა დაზარალებულისგან, რომელსაც თვეების განმავლობაში არ უბრუნებდა. დაზარალებული ვალის გადახდას ითხოვდა, ბრალდებული კი, სხვადასხვა მიზეზით, თანხის დაბრუნებაზე უარს ამბობდა. ამის გამო, მათ არაერთხელ მოუვიდათ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.


2022 წლის 15 აგვისტოს ბრალდებულმა, წარსული კონფლიქტის გამო, შურისძიება გადაწყვიტა. იგი დაზარალებულს შეხვედრაზე შეუთანხმდა. დათქმულ ადგილზე მისულს კი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია თავის მიმართულებით ესროლა. შემდეგ მსხვერპლი ავტომობილით ტყისკენ წაიყვანა, სადაც ავტოავარიის ინსცენირება მოაწყო და დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, დაზარალებულის სხეულს და ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა.


სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს 40 მოწმე და გამოიკვლიეს ყველა ნივთიერი მტკიცებულება, მათ შორის, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ვაზნები, რომლებიც მკვლელობის დროს გამოყენებული საბრძოლო მასალის იდენტური იყო.


დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე ავითარებდა ვერსიას, თითქოს ბრალდებულმა თავდაცვის მიზნით გაისროლა. ეს პოზიცია ეწინააღმდეგებოდა მტკიცებულებებს, რომლებიც ბრალდებულის მიერ დანაშაულის დაგეგმვასა და შემთხვევის ადგილზე შეიარაღებულ ჩასაფრებას მოწმობდა.


საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული ყველა წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, განზრახი მკვლელობისთვის (სსკ-ის 108-ე მუხლი), ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და ტარებისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები) , ასევე ავტომანქანის განზრახ განადგურებისთვის (სსკ-ის 187-ე მუხლი) ერთხმად ცნეს დამნაშავედ.


სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის მაქსიმალური ზომა, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930