გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: დღეს კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს და ნატოს წევრ 13 ქვეყანას. საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში

31-03-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას იმ მიღწევების შესახებ ისაუბრა, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანას ბოლო 10 წლის განმავლობაში მოუტანა ანტიკორუფციული მუშაობის და ამ პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით.


„რაც შეეხება იმ მიღწევებს, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა ბოლო 10 წლის განმავლობაში ანტიკორუფციული მუშაობის მიმართულებით და ამ პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. სულ რამდენიმე ფაქტს შეგახსენებთ:

კორუფციის აღქმის ინდექსის 2022 წლის კვლევით საქართველო 180 ქვეყნიდან 41-ე ადგილს იკავებს; კიდევ ერთი ფაქტი მინდა მoვიყვანო - Trace „Bribery Risk Matrix 2022" თანახმად, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია, ხოლო გლობალურ რეიტინგში 194 ქვეყნიდან 33-ე ადგილზეა; აქვე შეგახსენებთ, რომ გლობალური სამართლიანობის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში - პირველ ადგილზეა. ისევე როგორც ღია ბიუჯეტის კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში არის პირველ ადგილზე 120 ქვეყანას შორის. „კორუფციის კონტროლის" მიხედვით, ძვირფასო მეგობრებო, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის კიდევ 5 ადგილით დაწინაურდა და ევროპაში 21-ე, ხოლო კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში - მე-18 ადგილზე ვართ, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


მისივე თქმით, ამ მონაცემებს თუ 2012 წლამდელ პერიოდს შევადარებთ, პროგრესი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება. პრემიერმა ანტიკორუფციულ ბიუროს და მის ყველა თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.


„ამ მონაცემებს თუ 2012 წლამდელ პერიოდს შევადარებთ, პროგრესი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება - იმ დროისათვის საქართველო მსოფლიოში 62-ე ადგილზე იყო, ბუნებრივია, ძალიან შორს ევროპის საუკეთესო ოცეულისგან.


დღეს კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს და ნატოს წევრ 13 ქვეყანას. საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში; პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებია ჩვენზე წინ ჯერჯერობით. ეს პროგრესი რა თქმა უნდა თანმიმდევრულია. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველომ შეფასების ქულა გაიუმჯობესა და ჩვენ ეს მიღწევები გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. დღევანდელ მსოფლიოში, სადაც კორუფცია ძლიერი, განვითარებული ქვეყნებისთვისაც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, ჩვენ გვჭირდება კოორდინირებული, თანმიმდევრული მუშაობა, ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც კორუფცია ვერ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის. ამიერიდან ამ მიმართულებით მუშაობის პასუხისმგებლობის უდიდესი წილი დაეკისრა ანტიკორუფციულ ბიუროს. მჯერა, რომ ბიუროს ახალი უფროსი და მისი ყველა თანამშრომელი ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს ჩვენმა ქვეყანამ ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ და გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930