7-04-2023
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. საქართველოდან ექსპორტი სომხეთში მიმდინარე წელს უკვე 133 მლნ დოლარს შეადგენს. ჩვენი მოლოდინით, ზრდის ტენდენცია წლის განმავლობაში გაგრძელდება. სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ ორი ქვეყნის კერძო სექტორსაც შორის იყოს მჭიდრო კავშირი. გარდა იმისა, რასაც მთავრობები ვაკეთებთ, რომ შევქმნათ ხელსაყრელი გარემო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, ბიზნესებმაც დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები სავაჭრო კავშირების გასამტკიცებლად," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც საქართველო - სომხეთის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მან, სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრ გნელ სანოსიანთან ერთად, მოხსენება გააკეთა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლების წინაშე.
ბიზნეს ფორუმში ორი ქვეყნის 450-მდე ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც წარმოადგენდნენ ისეთ სექტორებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სამშენებლო სექტორი, საცალო ვაჭრობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ლოგისტიკა და სხვ.
ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, მათ შორის კერძო სექტორის დონეზე.
„ჩვენ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ვანიჭებთ საქართველოს რეგიონალურ ჰაბად ქცევის პოლიტიკას და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის საკითხს. დღეს ჩვენი მიზანია, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის საიმედო, კონკურენტუნარიანი და ეფექტური პარტნიორი ბიზნესის კეთების კუთხით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაუმჯობესების ტენდენციები ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობასა და პოზიტიურ მოლოდინებზე საქართველოს ბიზნეს გარემოს მიმართ, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დღესვე, ლევან დავითაშვილისა და გნელ სანოსიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საუბარი წარიმართა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. შეხვედრაზე ლევალ დავითაშვილმა სომხეთის მხარე მეოთხე საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომლის გამართვა დაგეგმილია 26-27 ოქტომბერს თბილისში და მიზნად ისახავს უზრუნველყოს პლატფორმა მაღალი დონის დიალოგისთვის მთავრობასა და ბიზნეს წრეებს შორის.
16-11-2024
16-11-2024