7-08-2018
რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა რუსულ რადიოს "კომერსანტს"
ინტერვიუ მისცა, რომელშიც აგვისტოს ომზე ილაპარაკა. ინტერვიუს მოკლე ვერსიას გთავაზობთ imedinews-ი.
"2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი არ იყო გარდაუვალი. რომ არა, სააკაშვილის უპასუხისმგებლობა, ამორალური და კრიმინალური ქმედება, არავითარი ომი არ იქნებოდა. მართალია, საქართველოში მაშინ დაძაბულობის მაღალი დონე იყო, თუმცა ეს არ შეიქმნა 2008 წელს, არამედ 1991-ში. პრობლემების საფუძველი 1990-იან წლებშია. ათი წლის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ აგრესიას უბრალოს მწვანე შუქი აუნთო.
როდესაც მე პრეზიდენტი ვიყავი, თავიდან სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ის ამბობდა, რომ მეგობრობის და ურთიერთობის აღდგენის იმედი აქვს, თუმცა შემდეგ მყისიერად გაწყვიტა კავშირი. ვფიქრობ, ეს ქცევის დამუშავებული ხაზი იყო. იმ დროს, მან თავისი ამერიკელი მფარველებისგან უკვე მიიღო ფართომასშტაბიანი კონსულტაციები.
ჩვენი მიზანი საქართველოს განადგურება ან სააკაშვილის სიკვდილით დასჯა არ იყო. ჩვენ არ შევიყვანეთ ტანკები თბილისში მას შემდეგ, რაც ქართული ჯარები ცხინვალიდან გავაგდეთ. ამან საშუალება მოგვცა რეგიონში სიტუაცია დაგვერეგულირებინა და ასევე ევროკავშირთან საკმაოდ მშვიდი ურთიერთობა აღგვედგინა.
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, საქართველოს "იძულებითი მშვიდობის" სამხედრო კამპანიის შემდეგ, ჩემთვის რეგიონში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა იყო. თუ იქ ჰაერში გამოკიდებულ სიტუაციებს დავტოვებდით, გაგრძელდებოდა პროვოკაციები, მათ შორის რუსების წინააღმდეგ. როდესაც არის შეთანხმება სახელმწიფოებს შორის, ყველა ხვდება, რომ უფრო ძვირფასია რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირება, ვიდრე რაღაც უტოპიური იდეებისთვის ბრძოლა.
იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ საქართველოს სათავეში ფსიქიკურად დაუბალანსებელი ადამიანი იდგა, სხვა ვარიანტი უბრალოდ აღარ იყო. სააკაშვილის კარიერა საქართველოში, სავარაუდოდ, დასრულებულია - რაც ქვეყნისთვის ძალიან კარგია. საქართველოს ახალ მთავრობასთან ჩვენ მზად ვართ ურთიერთობის ასაწყობად.
აგვისტოს კონფლიქტის შედეგი - რუსეთმა მიიღო მშვიდობა, თუმცა საქათველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანების შესახებ - კიდევ ერთი საფრთხეა. ამან შესაძლოა საშინელი კონფლიქტი გამოიწვიოს".
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.