გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი:  ეს არის ომი იმიტომ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და ქართველ ერს აქვს დამოუკიდებლობის ნება

7-08-2018

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთი საქართველოს თავს იმიტომ დაესხა, რომ საქართველომ გადაწყვიტა, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა.


მისივე განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ბევრად უფრო ადრე, გასული საუკუნის 92-93 წლებში დაიწყო.


აღნიშნული განცხადება საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა მრგვალი მაგიდის ფორმატში გააკეთა.


„2008 წლის ომი, რა თქმა უნდა, იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელშიც ჩართული იყო რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები, მაგრამ ომი საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო ბევრად  უფრო ადრე, უფრო სწორედ საქართველოს ამ ორი რეგიონის ოკუპაცია დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ის დაიწყო 92-93 წლებში. ეს გადაწყვეტილება, მაშინ განპირობებული იყო არა ნატო-თი, არა ევროკავშირით, როგორც მერე, 2008 წელს რუსული პროპაგანდა ცდილობდა მონათვლას, არამედ ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ საქართველომ გადაწყვიტა, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა.


თუმცა 2008 წლის ომი იყო განსაკუთრებით მძაფრი და მძიმე, თუნდაც ადამიანური მსხვერპლის შედეგით, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში რეგულარული რუსული არმია შემოვიდა და თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ ამ ომს მოყვა შემდეგ სრულიად გაუგონარი და უსამართლო მცდელობა რუსეთის ფედერაციისა გამოაცხადოს ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოები საქართველოს სუვერენული, მსოფლიოს მიერ აღიარებული, გაეროს მიერ აღიარებული სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოაცხადოს ორი სუვერენული სახელმწიფო.


მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთელ დიპლომატიურ კორპუსს და, აგრეთვე, ჩვენს კოლეგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით თქვენ, ვინც ხართ აქ წარმოდგენილი იმისთვის, რომ, აი, ეს მცდელობა რუსეთის ფედერაციისა, რომ მოიგოს, ასე ვთქვათ, იმიჯური ომი საერთაშორისო არენაზე, იქნა სრულიად განადგურებული და ჩაშლილი, ეს ჩვენი ერთობლივი შედეგია.


თუ დავუბრუნდებით ათი წლის წინანდელ შედეგებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ ყველას არ გვეყო ხშირ შემთხვევაში გამჭრიახობა, იმისთვის, რომ შეგვეფასებინა იმ წუთას რა ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. იყო ასეთი რიტორიკაც, თითქოს ეს იყო არაპროპორციული ძალა გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ. ყველას ვისაც მაშინ ეჭვი ეპარებოდა სამწუხარო პასუხი გაეცა 2014 წელს უკრაინაში, სამწუხარო პასუხი გაეცა ჩვიდმეტში, თექვსმეტში, როდესაც ჰიბრიდული კიბერშეტევების მსხვერპლი გახდა ევროპა.


აგრესორთან ენის მოჩლექით ლაპარაკი, პირდაპირ სიმართლის არ თქმა, არ დარქმევა აგრესიისა იმაზე, რაც არის პირდაპირი დარღვევა, როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ადამიანური ნორმების, თუნდაც ორ ქვეყანას შორის მეზობლური ურთიერთობების ყველა პრინციპის დარღვევას, მაშინვე უნდა დარქმეოდა ყველაზე მძაფრი სახელი. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სიტყვების - ეს არის ომი იმიტომ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და ქართველ ერს აქვს დამოუკიდებლობის ნება და ეს იქნება ბოლომდე გატანილი. ეს არის ომი საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის აგრესია, ეს არის ოკუპაცია და ეს არის საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევა. სანამ ჩვენ არ ვიტყვით ამ სიტყვებს სრული გამბედაობით, მანამ მეტ რისკებს ვუქმნით საკუთარ თავსაც და იმ გარემოსაც, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ.


თუნდაც ყველაზე პრაგმატული გამოცდილებით, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ამ ენის მოჩლექით ლაპარაკმა არაფერი სასიკეთო არ მოუტანა იმ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობდნენ როგორღაც რუსეთის დამშვიდებას და მიჩუმათებას და იმის განცდას, რომ ეს შეიძლება ერთი ან ორი ლუკმით დამთავრდეს. აგრესორის მადა მხოლოდ იმატებს დაპყრობის და აგრესიის კვალდაკვალ. რას აკეთებს საქართველო ამ ათი წლის განმავლობაში და როგორია ჩვენი სტრატეგია?  ჩვენი სტრატეგია მარტივია, ჩვენ ზუსტად ვიცით რუსეთის გეგმები, რომლებიც დაიწყო დამოუკიდებლობის პირველივე დღეს. ეს არის საქართველოს შეჩერება რაიმე მექანიზმით, რომელიც სირთულეს შეუქმნის ქვეყანას და ამ პოზიციაზე პასუხი არის შემდეგი: ჩვენ არაფრის დიდებით არ შევჩერდებით, არც ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, არც დემოკრატიის გაღრმავების თვალსაზრისით, არც ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, არც ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზისით.


მთელი ის სტრატეგიული გეგმები, რომლებიც დაგვისახა ჩვენმა საზოგადოებამ არის გარანტი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღდგება და ის აღდგება მშვიდობიანად და მეორე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც, ასევე, ხაზი გაესვა, ჩვენს სტრატეგიაში. ეს არის ის, რომ საქართველო არასდროს არ განიხილავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და სუვერენიტეტის აღდგენას ძალისმიერი მეთოდებით. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ამ პრინციპების განხორციელება, ბუნებრივია, არ არის უბრალო და იოლი ამის გაკეთება, განსაკუთრებით ისეთ ვითარებაში, როდესაც ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება, ყოველდღიურად ხდება ჩვენი მოქალაქეების ქონების ხელყოფა და, რაც ყველაზე ტრაგიკულია, არის ხოლმე ფაქტები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ, აწამებენ და წამებით კლავენ. ამ ფონზე, სტრატეგიული მოთმინების შენარჩუნება და მორალის არ გატეხვა, მოსახლეობისთვის და საკუთარი თავისთვის იმ რწმენის გაღრმავება, რომ შეუძლებელია რუსეთმა მოიგოს და შეუძლებელია, რომ ეს აგრესია არ დამთავრდეს და შეუძლებელია, ეს კედლებიც ისე არ დაინგრეს, როგორც ბერლინის კედელი, არ არის მარტივი და ამაში გვეხმარებით თქვენ, თქვენი თანადგომა, ძვირფასო სტუმრებო, თქვენი სიმტკიცე და თქვენი ძალიან ზუსტი და სწრაფი პოზიციები, როდესაც კიდევ ერთ, ან შემდეგ რუსულ პროვოკაციას და აგრესიას ვხედავთ საქართველოს მიწა-წყალზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031