11-04-2023
„ჩვენი მხრიდან უცხოური არასათანადო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღების მცდელობა ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული ერთი დიდი, მძლავრი ნაბიჯი იყო. იმედი მაქვს, ევროკავშირში მიიღებენ ამ კანონს. შემდგომში, როცა ევროინტეგრაციის გზაზე წევრობის შესახებ ჩვენთან მოლაპარაკებები დაიწყება, თუ ევროკავშირი მას მიიღებს, მოგვიწევს ევროპული კანონმდებლობისა და მათ შორის, ამ კანონის სრულად გაზიარება,“ - ამის შესახებ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო განვითარების ტენდენცია უცხოური არასათანადო გავლენის საფრთხეების აღმოჩენისა და განეიტრალებისკენ მიდის, ევროპაც ამ სულისკვეთებას იზიარებს, მაშინ როდესაც, სწორედ უცხოურმა ძალებმა საქართველოში ამ კანონპროექტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება და მისი უკან გაწვევა მოახერხეს.
„პარიზში 4-5 აპრილს ჩატარდა გლობალური საპარლამენტო ქსელის შეხვედრა, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ეს ორგანიზაცია ძირითადად ეკონომიკური ხასიათის არის, მაგრამ თითქმის დღის წესრიგის ნახევარი ისეთ საკითხებს ეძღვნებოდა, როგორიც არის უცხოური ძალის არასათანადო გავლენა, ასევე დემოკრატიის განმტკიცება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ბუნებრივია, ასეთი საკითხები ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თემატურ სესიაზე მომხსენებელმა წარადგინა პრეზენტაცია, რომელიც თითქმის ერთი ერთში იმეორებდა იმ პრეზენტაციას, რაც ჩვენ, „ხალხის ძალამ“ თავის დროზე „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სახით წარვადგინეთ.
იყო საუბარი იმაზე, რომ აღნიშნული კანონმდებლობა, FARA, ძალიან დიდი ხანია მოქმედებს ამერიკაში, რომ ავსტრალიაში კარგად არის ეს კანონი აპრობირებული, რომ ბრიტანეთში, ისრაელსა და ევროკავშირში ამ საკითხზე მსჯელობა ამჟამად მიმდინარეობს და ა.შ. საუბარი იყო იმაზე, რომ უცხოური ძალის არასათანადო გავლენა/ჩარევა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და სახელმწიფოები ამას სათანადოდ უნდა დაუპირისპირდნენ. შესაბამისად, რადგანაც საქართველოსთვის ეს ერთ-ერთი აქტუალური საკითხია კვლავ, ჩემს მოხსენებაში აღვნიშნე და დამსწრე საზოგადოებას ვრცლად გავაცანი ის მოვლენები, რომლებიც თან ახლდა ამ კანონპროექტის მიღების მცდელობას. ასევე აღვნიშნე, რომ ამ საკითხში დიდი და უარყოფითი როლი ითამაშა დეზინფორმაციულმა კამპანიამ, რომელმაც ამ კანონპროექტს უსამართლოდ მიაწება „რუსული კანონის“ იარლიყი.
არამარტო ევროპარლამენტი, არამედ ევროკომისიაც განიხილავს მსგავსს კანონმდებლობას. შეხვედრაში, რომელშიც ვმონაწილეობდით, 30 ქვეყნის წარმომადგენელი თანხმდებოდა და საუბრობდა იმაზე, რომ ასეთი ტიპის კანონმდებლობა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ფონზე, ისეთი დეზინფორმაციული კამპანია ჩატარდა საქართველოში, რომელმაც ძალიან ბევრი დააჯერა, რომ ეს იყო საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული. სინამდვილეში, პირიქით. ასევე, ბევრი დააჯერა, რომ ეს ევროპული კურსიდან გადახვევა იყო. არადა, ეს იყო მთელი მსოფლიოს განვითარების ტენდენცია. ევროპაც ამ მსოფლიო განვითარების ტენდენციებს მიჰყვება და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მოწინავეა ამ სფეროში - ევროპის 27 წევრი ქვეყანა ამ მიდგომას იზიარებს, ევროკომისიას ვგულისხმობ. ერთ-ერთი უმსხვილესი სახალხო პარტია მოუწოდებს ევროპარლამენტს, დაიწყონ განხილვა ამის შესახებ.
როცა მოხსენებით გამოვედი და დამსწრე საზოგადოებას ჩვენი გამოცდილება გავაცანი, მათ ასევე მოვუწოდე, რომ აუცილებელია, საერთაშორისო სტანდარტები და მიდგომები შემუშავდეს, თუ როგორ შეიძლება ასეთი ტიპის საფრთხეებთან გამკლავება, რაც, სხვათა შორის, მოეწონათ, ჩემი პოზიცია გაიზიარეს. ასევე საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდნენ და სესიის შემდგომ ამასთან დაკავშირებით კითხვები დასვეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ეკა სეფაშვილმა, ასევე, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ცდილობდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საქართველოსა და ევროპას შორის ვიზალიბერალიზაციისთვის ხელის შეშლას მაშინ, როდესაც ქართველი და ევროპელი მაღალჩინოსნები ამ საკითხის ირგვლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
„ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობა დავიწყეთ 2013-2014 წლებიდან, როდესაც სესილია მალსტრომმა 2014 წლის 25 თებერვალს საქართველოს საკუთარი ხელით ჩამოუტანა ე.წ. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ეს იყო ასოცირების შეთანხმებიდან ამოღებული ის თავები და მუხლები, რომლებიც ქართველების უვიზო მიმოსვლას ეხებოდა ევროკავშირში. იყო საკითხების ოთხი ბლოკი, რომლებიც ეხებოდა დოკუმენტების უსაფრთხოებას. დოკუმენტურ უსაფრთხოებაში იგულისხმება ბიომეტრიული პასპორტები და მსგავსი ტიპის საბუთების დაცულობა, საზღვრების ინტეგრირებული მართვა, მიგრაციული ნაკადების მართვა, თავშესაფრის პოლიტიკა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ასევე ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა საქართველოში. როდესაც 2017 წელს ეგრეთ წოდებული ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ, იგი სწორედ ამ ჭრილში იყო.
ამას ვაკეთებდით 2014 წლიდან მოყოლებული, იმ პერიოდში სწორედ ევროინტეგრაციის საკითხებზე ვმუშაობდი და თითქმის ყველა შეხვედრაზე, იქნებოდა ეს არაოფიციალური სამუშაო შეხვედრა, ცალკე მიღება, სადაც არაოფიციალური საუბრებში პოზიციები ჟღერდება ხოლმე, თუ მაღალი დონის შეხვედრა, ევროკავშირის სხვადასხვა დონის წარმომადგენლები უმაღლესიდან ქვედა რგოლამდე, მეუბნებოდნენ, გვეშინია თქვენთვის უვიზო მიმოსვლის მოცემის, რადგან ვშიშობთ, რომ ამ კანონებს ვერ დაიცავთ, ვერ მართავთ სიტუაციასო. ქართული მხარე ყოველთვის ვარწმუნებდით, რომ შევძლებდით ამას, მაგრამ იმ პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები დარბოდნენ ბრიუსელში და არწმუნებდნენ იქაურ მაღალჩინოსნებს, რომ საქართველოსთვის არ უნდა მოეცათ თავისუფალი სავიზო რეჟიმი ევროპასთან“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024