გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის მთავრობა: 2008 წლის ომი იყო რუსეთის მცდელობა შეეჩერებინა საქართველოს ევროპული სწრაფვა და არ დაეშვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება  

7-08-2018


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს სუვერენიტეტის წინაღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი იყო რუსეთის მცდელობა შეეჩერებინა საქართველოს ევროპული სწრაფვა და არ დაეშვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება.

 

„ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს  წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფას, რითაც დღემდე არღვევს მის მიერვე 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას და იგნორირებას უკეთებს  ჯარების გაყვანის თაობაზე  ნაკისრ ვალდებულებას. უფრო მეტიც, ოკუპაცია მოახდინა კოდორის ხეობის, სადაც არანაირ საბრძოლო მოქმედებებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა  მუდმივი საცხოვრებელი ადგილები, ხოლო დარჩენილებს კი სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ თავიანთ სახლებში ცხოვრება. მათი, ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობა ცალმხრივად რუსეთის ფედერაციას ეკისრება.     

2008 წლის ომი, იყო რუსეთის მცდელობა შეეჩერებინა საქართველოს ევროპული სწრაფვა და არ დაეშვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება. ეს იყო მცდელობა, ქართველი ხალხის არჩევანის ჩაკვლისა ძალადობრივი გზით, რაც საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და მიუღებელია XXI საუკუნის ცივილიზებული, დემოკრატიული სამყაროსათვის.

ჩვენ მუდამ გვემახსოვრებიან ის გმირები, რომელთაც ჩვენი ქვეყანა დაიცვეს. მათ შორის ბევრი აფხაზეთის მკვიდრიც იყო, რომელთაც ერთხელ უკვე ნაწვნევი ჰქონდათ თავს მოხვეული  ომის სიმწარე, მაგრამ თავიანთი მამულიშვილური ვალი ვაჟკაცურად მოიხადეს ერისა და ქვეყნის წინაშე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გმობს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და იმედოვნებს, რომ მთელი პროგრესული, დემოკრატიული სამყაროს თანადგომითა და ძალისხმევით, საქართველოს ხელისუფლების  სამშვიდობო პოლიტიკის წარმოებით მიღწეული იქნება შედეგი - აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი სამშობლო დაიკავებს ღირსეულ ადგილს დემოკრატიულ სახელმწიფოთა რიგებში“- ნათქვამია განცხადებაში.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031