13-04-2023
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით, რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გახსნეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამოქმედდა ახალი რეჟიმი: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან 194-ე კმ-მდე (ახალსოფლის კვანძიდან ზესტაფონამდე) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის, 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე კი ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები.
გუშინ, 18:00 საათიდან, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება დაიშვა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისათვის.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ მოძრაობა შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გაგრძელებულიყო.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებული არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, შეუფერხებელი საავტომობილო მოძრაობის უზრუნველსაყოფად და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ.
16-11-2024
16-11-2024