გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბახტაძე რუსეთს თავისი ვალდებულებების შესრულებისა და სამხედრო დანაყოფების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანისკენ მოუწოდებს

9-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს პასუხი აგრესიაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს, მშვიდობა და ევროპული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაა.
მისივე თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

„10 წლის უკან რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ მიიტანა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე აგრესია. ეს იყო ყველაზე ტრაგიკული დღეები ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. რუსული აგრესია, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, მსხვერპლი, ათობით ათასი დევნილი მოუშუშებელი ტკივილია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეს იყო ძალიან მძიმე დღეები და ამ დღეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის გზა, რომელზეც დგას საქართველო და დგას მტკიცედ, არის, რა თქმა უნდა, გამოწვევებით აღსავსე. მაგრამ, ამავე დროს, გვაჩვენა ის, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის ერთიანობით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც გვაქვს დამკვიდრებული. ჩვენი პასუხი ამ აგრესიაზე, ამ გამოწვევეზე არის მშვიდობა, არის ევროპული ხარისხისა და ევროპული ფილოსოფიის სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა.
მშვიდობას აღარაფერი უნდა დაემუქროს ჩვენს ქვეყანაში, რადგან მას ალტერნატივა არ აქვს.
ამ ორი დღის განმავლობაში მე მქონდა ბევრი შეხვედრა, მათ შორის იმ ოჯახებთან, ვინც დაკარგეს ძმები, დები, მშობლები, მეგობრები და მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. განწყობა არის ერთი, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მშვიდობა მოგვიტანს იმ საქართველოს, რომელიც არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ერთად ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი საქართველო. ჩვენ ერთად უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი მომავალისკენ.
აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 7 აგვისტოს საქართველოში ჩამოვიდა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, უკრაინის ვიცე-პრემიერი“- განაცხადა პრემიერმა.
ბახტაძემ რუსეთს თავისი ვალდებულებების შესრულებისა და სამხედრო დანაყოფების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ამასთან ერთად „ჩვენმა ყველა მეგობარმა ქვეყანამ და საერთაშორისო ინსტიტუტებმა კიდევ ერთხელ მკაფიო განცხადება გააკეთეს ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად და იმ ფასეულობების მხარდასაჭერად, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. მე მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩვენს მეგობარ ქვეყნებს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რაც მათ ჩვენ ამ დღეებში კიდევ ერთხელ გვაჩვენეს. მოვისმინეთ ასევე განცხადებები, რომ არსებობს სურვილები, რომ აღდგეს ურთიერთობები, ბევრი სხვა ტიპის განცხადება მოვისმინეთ - ამაზე ჩვენი პასუხი არის ძალიან მარტივი. 2008 წელს მოეწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მსურს მოვუწოდო რუსეთს, რომ შეასრულოს თავისი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან. ეს იქნება ყველაზე სწორი სიგნალი იმისთვის, რომ დავიწყოთ ურთიერთობის ნორმალიზება“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031